საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ევროკომისარს ევროპული და სოციალური დიალოგის საკითხებში, ვალდის დომბროვსკის შეხვდა.
მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს. საქართველოს ისტორიულ წარმატებად შეფასდა ვიზალიბერალიზაციის ამოქმედება, ასევე, ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც ქვეყანამ ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში მიაღწია.
პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 40 მილიონი ევროს გამოყოფისთვის მადლობა გადაუხადა და მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილის მნიშვნელოვან გაზრდას ისახავს მიზნად.
ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და აღინიშნა, რომ მის კიდევ უფრო გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს მართლმსაჯულების სისტემაში დაგეგმილი რეფორმა, რომელიც სასამართლოებში კომერციული პალატების შექმნას გულისხმობს. ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, ამ პროცესში ევროკავშირისა და დასავლელი პარტნიორების წარმატებული გამოცდილება გაიზიაროს.
საუბარი შეეხო განათლების სისტემაში დაგეგმილ ძირეულ რეფორმებს, რომელთა განხორციელება, პრემიერის შეფასებით, ხელს შეუწყობს საქართველოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და ქვეყანაში მეტი უცხოური ინვესტიციის განხორციელებას.
შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც ევროპელი პარტნიორების მხრიდან დადებითად შეფასდა.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
მამუკა ბახტაძემ ვალდის დომბროვსკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იგი საქართველოში მიიწვია.