9-12-2022
კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, მოზარდების გადამზადებას განაგრძობს. კომუნიკაციების კომისიის პროექტების „მედიის ეკონომიკისა" და „Happy Onlife"-ის ფარგლებში სემინარები სენაკისა და ლანჩხუთის N1 და N3 საჯარო სკოლებში ჩატარდა. მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევები დამატებით დაწყებითი და მაღალი კლასის 252 მოსწავლემ განივითარა.
მედიაწიგნიერების პროექტი „მედიის ეკონომიკა", რომელიც ევროკავშირის ქვეყნებისა და ორგანიზაცია „Evens Foundation"-ის მიერ წარმატებულ და ეფექტიან მედიაწიგნიერების პროექტადაა აღიარებული, მოზარდებში მედიაწიგნიერების განვითარებას ემსახურება და ის ციფრული მედიის ეკონომიკის პრინციპების სწავლებაზეა ორიენტირებული. შესაბამისად, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, IX და X კლასის მოსწავლეებმა სოციალური მედიის დაფინანსების წყაროების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. მოზარდებმა ისწავლეს, თუ რა როლი აქვს თითოეულ მომხმარებელს სოციალური მედიის დაფინანსებაში და როგორ მუშაობს ზოგადად სოციალური მედიის ეკონომიკა. უფროსკლასელებმა დეტალურად მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა პლატფორმის ალგორითმების შესახებ.
ამავე სკოლების II და III კლასის მოსწავლეები კი „Happy Onlife"-ის დახმარებით ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაციის წესებს გაეცნენ. აპლიკაციის დახმარებით, მოსწავლეებმა თამაშის გზით ისწავლეს ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების წესები. ასევე მიიღეს ინფორმაცია, როგორ დაიცვან თავი ინტერნეტში არსებული საფრთხეებისგან და კიბერბულინგისგან.
შეგახსენებთ, რომ Happy Onlife - ეს არის ონლაინ აპლიკაცია მოზარდებისთვის, რომლის მიზანია ბავშვებმა თამაშის გზით ისწავლონ ციფრული მედიის უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი გამოყენება, ონლაინ შინაარსის კრიტიკული შეფასება და ანალიზი. „Happy Onlife", რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან პროექტადაა მიჩნეული, ხელს უწყობს მშობლებსა და მასწავლებლებს აქტიურად იზრუნონ ბავშვების მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებაზე და დაიცვან ისინი კიბერბულინგისგან. "Happy Onlife" ნებისმიერი მსურველისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი, როგორც iOS, ისე Android სისტემების მობილურ მოწყობილობებსა და პერსონალურ კომპიუტერებზე.
16-11-2024
16-11-2024