21-07-2018
მომღერლისა და მსახიობის, ვახტანგ კიკაბიძის თქმით, მას პოლიტიკური ხასიათის განცხადებები არასდროს გაუკეთებიაა და მხოლოდ იმას ამბობს, რომ საბჭოთა გერბი არ მოსწონს.
"მე ესთეტიკა მიყვარს. მომწონს კარგი მხატვრები. როცა მხატვარი რაღაცას ხატავს, ეს ჭკვიანურად და ლამაზად უნდა იყოს გამოხატული. ჩემი აზრით, საბჭოთა ღერბი - ჩაქუჩ-ნამგალი დედამიწის ფონზე, ირგვლივ თავთავების კონით შემოვლებული, მაინცდამაინც სასიამოვნოდ არ მოჩანს. აი, მხოლოდ ეს ვთქვი და ამის გამო მეცნენ...
ამის შემდეგ („დოიჩე ველე“-ს) ჟურნალისტებმა დამირეკეს და მეუბნებიან: „ვახტანგ კონსტანტინოვიჩ, რატომ ლანძღავთ საბჭოთა კავშირს? თქვენ ხომ საჭოთა პერიოდში გახდით პოპულარული“. მე მათ ვუპასუხე: „მე საბჭოთა კავშირმა კი არ გამხადა პოპულარული, არამედ მე თვითონ გავხდი-მეთქი“. თუ მაყურებელს და მსმენელს ჩემს კონცერტზე მოსვლა არ სურს, მას ძალით ვერ მოიყვან"-განაცხადა კიკაბიძემ «Комсомольская правда»-სთან ინტერვიუში.
ბუბა კიკაბიძის თქმითვე, ის დისიდენტი არაა და რუსეთი ძალიან უყვარს.
"მე რუსეთი ძალიან მიყვარს. ჟურნალისტებს რაც უნდათ, იმას წერენ. მათ ღერბთან დაკავშირებული ისტორია უბრალოდ გაბერეს. ძალიან ულამაზო და მოუხერხებელი სკანდალი გამოვიდა. ამას წინათ თქვენმა ერთ-ერთმა კოლეგა ჟურნალისტმა მე ისეთი ფრაზა მომაწერა, რომელიც მე კი არა, სხვა ცუდმა კაცმა შეთხზა. რეჟისორი სტანისლავ გოვორუხინი რომ გარდაიცვალა, სადღაც ასეთი რამ გამოაქვეყნეს: „რა უნდოდა კიკაბიძეს გოვორუხინისაგან?“. დაუმთავრებელი ფრაზაა, მაგრამ ქვეტექსტი ასეთია: ვახტანგ კიკაბიძე სტანისლავ გოვორუხინს იმიტომ აკრიტიკებდა, რომ რეჟისორს რუსეთის ხელისუფლების მიმართ ლოიალურად არის განწყობილიო. არადა, ეს ასე არ იყო. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვქონდა. მე იგი არასოდეს გამილანძღავს, პირიქით, ვმეგობრობდით. მან თავისი სურათიც კი გამომიგზავნა, რომელიც სახლში, კედელზე ჩამოვკიდე"-განაცხადა კიკაბიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ აღიქმება თქვენი განცხადებები საქართველოში? - მომღერალი პასუხობს, რომ მას ეს არ აინტერესებს.
"მე არ მაინტერესებს, საქართველოში ვის როგორ ესმის ჩემი ნათქვამი, ვინ როგორ ინტერპრეტაციას აკეთებს. მე ჩემი კერძო ცხოვრებით ვცხოვრობ. დავდივარ სათევზაოდ. ამას წინათ ყვარლის ტბაში შვიდკილოგრამნახევრიანი თეთრი ამური დავიჭირე. აუცილებლად დაწერეთ წონა. მეთევზისათვის წონას მნიშვნელობა აქვს - ისე, როგორც აფთიაქში"-დასძინა მომღერალმა.
P.S. ინტერვიუს ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: WWW.NEWSPRESS.GE