14-12-2022
აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის დაბადებიდან 134 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჯაბა სამუშიამ ქართველი ფილოსოფოსის მიერ დატოვებულ უდიდეს მემკვიდრეობაზე ისაუბრა: „საბჭოთა ხელისუფლების დევნის მიუხედავად, ქართული ფილოსოფიური სკოლის ფუძემდებელმა შალვა ნუცუბიძემ მსოფლიო მნიშვნელობის ნაშრომები დაგვიტოვა. მისი მთავარი მიზანი იყო აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ იდეური მიმდინარეობის ქართული გზის ძიება. ის ამას ეძებდა არეოპაგელის პრობლემის კვლევისას, „სიბრძნე ბალავარისას“ შესწავლისას და აღმოსავლური რენესანსის იდეის წამოჭრისას.“ თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი მხარს დაუჭერს ფილოსოფოსის რამდენიმე გამოუქვეყნებელი ნაშრომის, მათ შორის, გერმანიაში გამოცემული რამდენიმე წერილის გამოქვეყნებას.
ღონისძიებაზე შალვა ნუცუბიძის მონოგრაფიის „შუა საუკენეების ფილოსოფიის“ პრეზენტაცია გაიმართა. უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსის, შალვა ნუცუბიძის მონოგრაფიის გამოქვეყნება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც უნივერსიტეტისათვის, ისე ფილოსოფოსებისთვის, სტუდენტებისა და ამ მიმართულებით დაინტერესებული ადამიანებისთვის.
„უნივერსიტეტი ყოველთვის მიაგებს პატივს შალვა ნუცუბიძის ხსოვნას და ბევრ რამეს აკეთებს მისი სახელის უკვდავსაყოფად. დღევანდელი იუბილე მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ 54 წლის შემდეგ პირველად გამოიცა მისი წიგნი „შუა საუკუნეების ფილოსოფია.“ ეს წიგნი ე.წ. დაპატიმრებულ ნაშრომთა კატეგორიას ეკუთვნოდა, რომელთა გამოცემას იმ ეპოქაში მრავალი ფაქტორი უშლიდა ხელს. დღეს ეს ნაშრომი ხელმისაწვდომი გახდა ჩვენი სტუდენტებისთვის, ჩვენი პროფესორებისთვის და ზოგადად ფილოსოფიით დაინტერესებულ ადამიანებს,“- განაცხადა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ფილოსოფიის მიმართულების პროფესორები, სტუდენტები, შალვა ნუცუბიძის ოჯახის წევრები და მოწვეული სტუმრები, რომლებსაც საჩუქრად გადაეცათ წიგნები.
შალვა ნუცუბიძის მონოგრაფიის გამოცემის მნიშვნელობასა და მისი წვლილის შესახებ ისაუბრა თსუ პროფესორმა დემურ ჯალაღონიამ:„წიგნი შალვა ნუცუბიძის სიცოცხლეში ვერ გამოიცა. დაპატიმრებული იყო ეს წიგნი დაახლოებით 50 წელიწადი. უნივერსიტეტმა მოახერხა ამ წიგნის გამოცემა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან შუა საუკუნეების ფილოსოფია სრულიად ახალი კუთხით არის განხილული.“
16-11-2024
16-11-2024