21-07-2018
აზერბაიჯანულ გამოცემა «Новое время»-ს მიერ გამოქვეყნებულ სარედაქციო მასალაში, რომელიც ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხს ეხება, გადმოცემულია ქართველი ექსპერტის პეტრე მამრაძის თვალსაზრისი, რომელსაც, მცირედ შემოკლებული სახით, საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ:
„საქართველოს ხელისუფლება მართლაც არაფერს არ ელოდა ალიანსის ბრიუსელის სამიტისაგან - თბილისმა წინასწარ იცოდა, რომ ნატოსთან მიმართებით ქვეყნის სტატუსი არ შეიცვლებოდა. გავიხსენოთ ნატოს ბუქარესტის ცნობილი შეხვედრა, როცა ითქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრიო. ჩემთვის ცნობილია იმ სამიტის ზოგიერთი საინტერესო დეტალი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის იმდროინდელი მდივანი კონდოლიზა რაისი ნატოს გენერალურ მდივანს შეუთანხმდა, რომ საქართველოს ნატოში მიღება იმ ეტაპზე ნაადრევი იქნებოდა. მაგრამ მომდევნო დღეს ჯორჯ ბუშმა დაიწყო ლაპარაკი, რომ აუცილებელია საქართველო დაუყონებლივ მივიღოთ წევრადო. ამერიკის პრეზიდენტის წინადადება არ გავიდა ანგელა მერკელის პოზიციის გამო: ფრაუ ანგელამ განაცხადა, რომ საქართველოს მიღება არ შეიძლება, ამით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, უგნურ ბიჭს, ხელში ასანთს მივცემთ და შეიძლება მან ხანძარი გააჩინოსო.
შემდეგ კი რაც მოხდა, ყველამ ვიცით. მიხეილ სააკაშვილმა თავისი მოქმედებით საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას დიდი წერტილი დაუსვა, თეორიულ შესაძლებლობასაც კი. მე მაშინ ნატოში გაწევრიანების მომხრე ვიყავი, დღეს კი ვთვლი, რომ თუ რაღაც ექსტრაორდინარული არ მოხდება, საქართველო ნატოს წევრი ვერასოდეს გახდება და იქნება მხოლოდ „ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან არსებული“ ქვეყნის სტატუსით“.
პეტრე მამრაძემ რუსეთის სავარაუდო მოქმედების სცენარზეც ისაუბრა: მისი თქმით, "თუ საქართველოს ნატოში გაწევრიანების რეალური შანსი გაუჩნდება, კარგად ვიცი, თუ საით ამოძრავდებიან თბილისთან ახლოს მდებარე რუსეთის ბაზაზე მდგარი ტანკები. ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოს ნატოში მიღების შემთხვევისათვის ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ საქაღალდეში უკვე დევს გეგმა ახალქალაქის ყოფილი სამხედრო ბაზის განახლების თაობაზე, რასაც იქაური სომხური მოსახლეობა სიხარულით შეხვდება.
ამ ყველაფერს ჩვენი დასავლელი პარტნიორები კარგად აცნობიერებენ, ამიტომაც ისინი დაბეჯითებით ითხოვენ „კარასინი-აბაშიძის ფორმატის“ მოლაპარაკების შენარჩუნებას, თუმცა ამით ჩვენ ვერანაირ სარგებლობას ვერ ვიღებთ. დასავლეთი მიგვანიშნებს, რომ თბილის-მოსკოვის სამხედრო კონფრონტაციის შემთხვევაში - ისე, როგორც 2008 წელს იყო - ნატო რუსეთთან ომში არ ჩაებმება“.
ძნელია არ დაეთანხმო ქართველი ექსპერტის აზრს: ბრიუსელმა მშვენივრად იცის, რომ საქართველო ნატოსთან მიმართებით, საფეხბურთო ტერმინით თუ ვისარგებლებთ, ოფსაიდში იმყოფება, მაგრამ შიდა მოხმარებისათვის თბილისს პირდება, რომ ნატოს წევრი გახდება - ისევე როგორც ვილნიუსი, რიგა და ტალინი.
ნატოელების განცხადება კი იმის თაობაზე, რომ საქართველომ რეფორმები უნდა გააგრძელოს ნატოს სტანდარტების მისაღწევადო, ცარიელი სიტყვების რახა-რუხია. თბილისში ესეც კარგად ესმით, მაგრამ ეთანხმებიან ნატოს - კი, რეფორმებს გავაგრძელებთო. ისევ „შიდა მოხმარებისათვის“.
შეიძლება გავიხსენოთ: როცა ნატოში ჩერნოგორიის მიღება მოისურვეს, მაშინ არანაირ რაიმე განსაკუთრებულ სტანდარტებზე ლაპარაკი არ ყოფილა. ამ ქვეყნის მოსახლეობა ერთ მილიონზე ნაკლებია, არმია თითქმის არ ჰყავს (ორი ათასი ჯარისკაცი!), ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა და ის უპრობლემოდ ხდება ნატოს წევრი. ესე იგი, გამოდის, რომ ჩრდილოატნტიკურ ალიანსს ასეთი სტანდარტები აქვს?