25-12-2022
ჩვენს ძვირფას პატრირქს მინდა მივულოცო აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილე. ძნელია ნამდვილად, გადმოსცე სიტყვებით ის უზარმაზარი ღვაწლი და მისია, რომელიც თქვენ გაკისრიათ. ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, თუ რაოდენ დიდი მისია შეასრულეთ და ასრულებთ თქვენ ჩვენი ხალხის წინაშე, ჩვენი ხალხისთვის, და ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპატრიარქოში განაცხადა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 45 წლისთავი მიულოცა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ილია II-მ დიდი მისია შეასრულა და ასრულებს ხალხისა და ქვეყნის წინაშე.
„თქვენო უწმინდესობავ, ძვირფასო მეუფენო, ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო სპიკერო, ძვირფასო საზოგადოებავ! მოგესალმებით და მეც მინდა შევუერთდე ამ გულითად, გულწრფელ მილოცვებს და პირველ რიგში, ჩვენს ძვირფას პატრირქს მინდა მივულოცო აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილე. ძნელია ნამდვილად, გადმოსცე სიტყვებით ის უზარმაზარი ღვაწლი და მისია, რომელიც თქვენ გაკისრიათ. ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, თუ რაოდენ დიდი მისია შეასრულეთ და ასრულებთ თქვენ ჩვენი ხალხის წინაშე, ჩვენი ხალხისთვის, და ჩვენი ქვეყნისთვის. მე გადმოცემით ვიცი ჩემი მშობლებისგან, ჩემი მშობლების თაობიდან, თუ რაოდენ რთული დრო იყო, როდესაც თქვენ ღმერთის ნებით გამოგარჩიეს და ეკურთხეთ პატრიარქად. მაშინ, ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე ეკლესია-მონასტერი ფუნქციონირებდა საქართველოში. დღეს მადლობა უფალს და მადლობა თქვენ, თვენი ბრძნული საქმით, უდიდესი სიყვარულით და პატრიოტიზმით რამდენიმე ათასი ეკლესია-მონასტერი არის აშენებული. ამ საქმეში, რა თქმა უნდა, უზარმაზარია თქვენი ღვაწლი. ჩვენი ხალხის რწმენაში დაბრუნებისა და ხალხისთვის რწმენის და იმედის მიცემის საქმეში. ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროით თქვენი ღვაწლის, თქვენი მისიის შესახებ. მინდა ერთი რამ ვთქვა, როგორც რიგითმა მოქალაქემ, მინდა გულწრფელად მადლობა გადაგიხადოთ ამ უზარმაზარი ისტორიული მისიის შესრულებისთვის. მე მჯერა, რომ თქვენი მთავარი ოცნება, მთავარი იდეა, რომ ჩვენ მალე ვიხილოთ გაერთიანებული საქართველო, უფლის მადლით ასრულდება. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ, დაგიდასტუროთ ჩვენი დიდი სიყვარული, ჩვენი დიდი პატივისცემა. მინდა პირადად კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება. თქვენი თითოეული სიტყვა, რჩევა-დარიგება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და ყოველთვის მახსოვს თქვენი ბრძნული დარიგებები. კიდევ ერთხელ მადლობა, გისურვებთ ჯანმრთელობას და მხნეობას", - აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრთან ერთად საპატრიარქოში საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფებოდნენ.
16-11-2024
16-11-2024