გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მედიალაბმა „იდეადრომში" გამარჯვებული სტარტაპი Stori AI დააჯილდოვა

26-12-2022

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა სტარტაპ იდეების კონკურსის „იდეადრომის" გამარჯვებული გუნდი გამოავლინა. Stori AI კონკურსის გამარჯვებული სტარტაპია, რომელმაც მედიალაბისგან ფულად ჯილდოსთან ერთად, გლობალურ ასპარეზზე გასასვლელად ცოდნა და გამოცდილება მიიღო.


კონკურსის ფარგლებში მონაწილე სტარტაპ გუნდებმა ერთ კვირიანი გადამზადება გაიარეს და გამოცდილ მენტორებთან ერთად, საკუთარი იდეების დახვეწასა და განვითარებაზე იმუშავეს. სემინარებს ექსპერტები ნიკა წიკალური, გრიგოლ აბაშიძე და თათული ოქრიაშვილი უძღვებოდნენ, რომლებიც სტარტაპერებს ფინანსებისა და იურიდიული მიმართულებით, ასევე იდეის წარდგენაში ამზადებდნენ. კონკურსანტებმა ინდივიდუალური რჩევები მიიღეს ანტრეპრენერ დავით ჩეჩელაშვილისგან და ინტენსიური მენტორშიპი გაიარეს მედიალაბის გუნდის წევრებთან რუსუდან ჩაჩანიძესა და ლუკა კაკაბაძესთან. კონკურსის მონაწილე გუნდებმა მიიღეს მნიშვნელოვანი გამოცდილება სტარტაპიდეის ვალიდაციის, გუნდის მართვის, სტრატეგიების, პროტოტიპირებისა და პროდუქტის ტესტირების მიმართულებით. პრაქტიკულ სწავლებებზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება კონკურსანტებს შესაძლებლობას მისცემს იდეები რეალურ პროდუქტებად აქციონ.


კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა კონკურსი „იდეადრომი" უკვე მეხუთედ ჩაატარა. კონკურსის საპრიზო ფონდი 10 000 ლარია. ეს არის აქსელერაციის პროგრამა და კონკურსი სტარტაპერებისთვის, რომლის მიზანი პოტენციური სტარტაპერებისა და სტარტაპიდეების აღმოჩენა, მათი რეალობად ქცევა, დაფინანსების მოზიდვა და რაც მთავარია, პროდუქტის ბაზარზე გატანის ხელშეწყობაა.


კონკურსში გამარჯვებულები ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც „500 Startups"-ის წარმომადგენელი საქართველოში ნატო ჩაკვეტაძე, სტარტაპ „Kernel"-ის დამფუძნებელი ბექა დალაქიშვილი და მედიააკადემიის ხელმძღვანელი შორენა შავერდაშვილი იყვნენ.


"იდეადრომის" წინა კონკურსების მონაწილე გუნდები წარმატებით აგრძელებენ საკუთარ სტარტაპებზე მუშაობას და მედიალაბთან თანამშრომლობას. იდეადრომელი სტარტაპები Webbix, Techapp, Pharao, Veziri, Bubbler და სხვები უკვე შექმნილი საწყისი პროდუქტებით აგრძელებენ წარმატებულ საქმიანობას.

მედიალაბი მომდევნო „იდეადრომს" 2023 წლის გაზაფხულზე ჩაატარებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930