გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნანა კაკაბაძე: სააკაშვილის დღევანდელი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე წლების წინ ხმალამოღებული იბრძოდა მიშას რეჟიმის წინააღმდეგ

27-12-2022

სააკაშვილის დღევანდელი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე წლების წინ, ხმალამოღებული იბრძოდა მიშას რეჟიმის წინააღმდეგ. ჰქონდა მცდელობები, ამ ბრძოლაში წამყვანი პოზიციებიც დაეკავებინა.  ის გახლავთ ავტორი, მიშას წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოში შეტანილი პერსონალური საჩივრისა. პერიოდულად ბ-ნი შალვა, გვარწმუნებდა - აი, დღეს თუ არა ხვალ, მიშას ჰააგის სასამართლო ბრალს წაუყენებსო - ამის შესახებ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე წერს.

 

როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ხაჭაპურიძეს „ოცნების“ ლიდერების ყურადღების მისაქცევად სჭირდებოდა, მას მანამდეც არა ერთი რადიკალური პოლიტიკური გამოსვლა ჰქონდა სააკაშვილის რეჟიმის დასამარხად და „ოცნების“ მხარდასაჭერად.

 

მისივე თქმით, შალვა ხაჭაპურიძემ  ბევრი იწვალა თუ ცოტა, მიშას და მის გარემოცვას დაუმტკიცა, ჩემზე მოხერხებულად და თავზეხელაღებულად ვერავინ დაგიცავსო, გვერდზე გასწია სხვა ადვოკატები - გელბახიანები, მშვენიერაძეები, თუთბერიძეები, ჩომახაშვილები და სხვები და მიშას რჩეულებს შორის „ერთ-ერთის“ კატეგორიიდან „ერთადერთის“ კატეგორიაში გადაინაცვლა.

  


„ორსახოვანი ადვოკატი ხაჭაპურიძე გუშინ და დღეს

"როცა ვიტყვი ასეო უნდა იყოს ასეო, როცა ვიტყვი ისეო უნდა იყოს ისეო"


ყველას გვახსოვს ის დრო, როდესაც სააკაშვილის დღევანდელი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე წლების წინ, ხმალამოღებული იბრძოდა მიშას რეჟიმის წინააღმდეგ.


ქონდა მცდელობები, ამ ბრძოლაში წამყვანი პოზიციებიც დაეკავებინა.


მაგალითად, ის გახლავთ ავტორი, მიშას წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოში შეტანილი პერსონალური საჩივრისა.


პერიოდულად ბ-ნი შალვა, გვარწმუნებდა - აი, დღეს თუ არა ხვალ, მიშას ჰააგის სასამართლო ბრალს წაუყენებსო.


როგორც ჩანს, ეს ყველაფერი მას „ოცნების“ ლიდერების ყურადღების მისაქცევად სჭირდებოდა. ბ-ნ შალვას მანამდეც არაერთი რადიკალური პოლიტიკური გამოსვლა ჰქონდა სააკაშვილის რეჟიმის დასამარხად და ოცნების მხარდასაჭერად.


როდესაც მისი ასეთი მონდომება „ოცნების“ ლიდერებმა არ შეიმჩნიეს, არ დაუნახეს და არ დაუფასეს, საკუთარი თავის წარმოჩენა რადიკალურად განსხვავებული პოზიციებიდან სცადა. ახლა უკვე მიშას მრავალრიცხოვან ადვოკატებს შორის მოისურვა ლიდერის პოზიციის დაკავება.


ბევრი იწვალა თუ ცოტა იწვალა, მიშას და მის გარემოცვას დაუმტკიცა, ჩემზე მოხერხებულად და თავზეხელაღებულად ვერავინ დაგიცავსო, გვერდზე გასწია სხვა ადვოკატები - გელბახიანები, მშვენიერაძეები, თუთბერიძეები, ჩომახაშვილები და სხვები (მოკლედ, „ადვოკატი ადვოკსტსა შემოსტყორცნა“ და „ადვოკატთა დადგა გორი“) და მიშას რჩეულებს შორის „ერთ-ერთის“ კატეგორიიდან „ერთადერთის“ კატეგორიაში გადაინაცვლა.


როდესაც ჟურნალისტები ეკითხებოდნენ, შე კაი კაცო, ჯერ მიშას პასუხისგებაში მიცემას მოითხოვდი და ეხლა იგივე ქმედებებისთვის მიშას გამართლებას როგორ ითხოვო, ის პასუხობდა, მე ბრალდების საქმეებში კი არ ვიცავ სააკაშვილს, არამედ ავადმყოფობის გამო სასჯელის გადავადების საკითხში, თუ კაცი მძიმე ავადმყოფია კანონით ეკუთვნის გადავადებაო. ანუ ამით ცდილობდა სახის და ე. წ. „პროფესიული ღირსების“ შენარჩუნებას.


ეს პასუხები თითქოს ლოგიკური იყო, მაგრამ სააკაშვილის ბოლო სასამართლო სხდომაზე ხაჭაპურიძემ შუამდგომლობის მრავალსაათიანი წარმოდგენისას ისეთი რამეები იკადრა, რომ სრულიად გასაგები გახდა მისი „ერთადერთობის“ მიზეზები.


ამ სასამართლოზე იხილება არა სააკაშვილის დამნაშავეობის თუ უდანაშაულობის საკითხი, არამედ მხოლოდ ის, თუ რამდენად მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და აკმაყოფილებს თუ არა მისი სიმძიმე, სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლებას ან გადავადებას. ამის მიუხედავად, შუამდგომლობის ნახევარზე მეტი ხაჭაპურიძემ მიუძღვნა არა სამედიცინო, ან თუნდაც სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ საკითხებს და რომ იტყვიან, კანში გაძვრა მისი ყველა დანაშაულებრივი ქმედების გასამართლებლად. იმდენად აშკარა, სამარცხვინო და ამაზრზენი იყო მისი მხრიდან შავის თეთრად წარმოჩენის მცდელობები, რომ ყველა ობიექტურ ადამიანში მხოლოდ გულისწყრომას გამოიწვევდა.


ხაჭაპურიძის საილუსტრაციოდ იმის წარმოსაჩენად თუ რამდენად ადვოკატის ღირსების შემლახველი განცხადებები აკეთა პროცესზე, შუამდგომლობის წარდგენისას, აუცილებლად მიგვაჩნია, მისი ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციების წარმოჩენა მისივე წარსულში გაკეთებული ციტატებიდან:

„სააკაშვილის ხელისუფლება, ეწეოდა რა დანაშაულებრივ საქმიანობას, თავად პრეზიდენტი დანაშაულებრივი მოწოდებების საფუძველზე შეგნებულად და სისტემატურად ესხმოდა თავს სამოქალაქო პირებს და ანადგურებდა რა მათ ფიზიკურად, ქვეყანაში ამკვიდრებდა შიშისა და სისასტიკის ულმობელ პოლიტიკას, ხოლო ადამიანები, რომლებიც შეეწირნენ ხელისუფლების უკანონო თავდასხმებს, წარმოადგენენ საერთაშორისო მიერ აღიარებულ მართლმსაჯულების მსხვერპლთა კატეგორიას. საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩადენილია საერთაშორისო მასშტაბის დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია რომის სტატუტის მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით. აქედან გამომდინარე, გთხოვთ დაიწყოთ გამოძიება საქართველოს სსკ-ის შემდეგი მუხლებით განზრახ მკვლელობა, წამება... (ჩამოთვლილია 20-ზე მეტი მუხლი) და მიეცნენ პასუხისგებაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი, გიორგი ბარამიძე, დათა ახალაია, ბაჩო ახალაია, ოლეგ მელნიკოვი და სხვა პირები, რომელთა ბრალეულობაც გამოიკვეთება გამოძიების დროს“. დღეს კი ხაჭაპურიძე აცხადებს:


„მე-19 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე არც ერთ მთავარმართებელს, არც ერთ პრემიერ-მინისტრს, არც ერთ ცეკას პირველ მდივანს და არც ერთ პრეზიდენტს იმდენი სიკეთე არ გაუკეთებია საკუთარი ერისა და სახელმწიფოსათვის, რამდენიც მიხეილ სააკაშვილმა შეძლო“.


რამდენიმე წლის წინ ხაჭაპურიძე აცხადებდა:


„სანამ ბოლო ნაციონალი იქნება საქართველოში, მანამდე არ გავჩერდები, სანამ ბოლო ნაციონალი იბოგინებს ამ ტერიტორიაზე, იმიტომ, რომ ეს არის ფაშისტური რეჟიმი, რომელიც უნდა დამთავრდეს! ყველამ უნდა აგოს პასუხი იმისთვის, რომ შემდეგმა მთავრობებმა არ გაიფიქრონ ჩვენი და ჩვენი შვილების ქუჩაში ასე უპატრონოდ ჩაცხრილვა და შემდეგ მიყრა ამ ადამიანების. ყველამ უნდა აგოს პასუხი! როგორც ფაშისტურმა რეჟიმმა აგო პასუხი, და ჰიტლერმა აგო პასუხი, ისე აგოს სააკაშვილმა და მისი რეჟიმის წარმომადგენლებმა ამ საშინელი დანაშაულებისათვის“.


დღეს კი ხაჭაპურიძე აცხადებს:


„სააკაშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენებიდან გირგვლიანის მკვლელების შეწყალებაზე დანაშაული საერთოდ არ არსებობს, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტთან უშუალოდ პრეზიდენტის ქმედებას არავითარი კავშირი და შემხებლობა არ გააჩნია, ხოლო 7 ნოემბრისა და 26 მაისის საქმეზე პრეზიდენტი არ იყო პასუხისმგებელი იმაზე, თუ შსს-ს რომელიმე ხელმძღვანელი პირი ჩაიდენდა ამგვარ დანაშაულს“.


ამ ორ საქმეში ბრალდების მხარის ორი მოწმის, ნინო ბურჯანაძის და ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენება იყო სააკაშვილის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი და ხაჭაპურიძე ითხოვს, კიდევ ერთხელ დაკითხეთ ეს მოწმეები, ეხლა სააკაშვილის სასარგებლო ჩვენება უნდა მისცენო.


იქამდე მიდის ხაჭაპურიძის უტიფრობა და შავზე თეთრის მტკიცება, რომ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის მალულად, უკანონოდ გადმოკვეთის მიზეზი და მიზანი საქართველოში არეულობის მოწყობა და სახელმწიფო გადატრიალების გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდება კი არ იყო (რასაც თვითონ სააკაშვილი თავის მოწოდებებში არც მალავდა), არამედ თითქოს იმისთვის შემოიპარა, რომ სასამართლოს წინაშე წარმდგარიყო: „იცოდა რა, რომ საქართველოში ჩამოსვლისას დააპატიმრებდნენ, მიხეილ სააკაშვილმა მაინც გადადგა მამაცური ნაბიჯი და ამ გამოწვევას არ შეუშინდა, ისევე როგორც იცოდა რა, რომ მართლმსაჯულების რეპუტაცია მაღალი არ იყო, მაინც არ შეუშინდა უკანონობის გარემოების არსებობას და მაინც წარსდგა საქართველოს სახელმწიფოს მართლმსაჯულების წინაშე“.


სასამართლო პროცესზე ხაჭაპურიძემ ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძეს ცილი დასწამა, რომ ის ისეთ ექსპერტიზის დასკვნებს წერდა, რასაც ხელისუფლება უკვეთავდა.


ხოლო გადაცემაში, ჟურნალისტ ვახო სანაიას ჩაკითხვაზე განაცხადა, ამ თემაზე მე მეტად აღარ ვისაუბრებ, ეს მხოლოდ სასამართლო სხდომაზე ვთქვი, რადგან იქ ასე იყო საჭიროო. მოკლედ, კაცი პროცესზე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულა, მერე კი თქვა, საქმეს ასე ჭირდებოდა და იმიტომ ვთქვიო. მოკლედ, ადვოკატ ხაჭაპურიძეს ასე ესმის ადვოკატობა, რომ თუ საქმეს ჭირდება, ნებისმიერი სისაძაგლე შეიძლება ჩაიდინო პროცესზე, რადგან იქ ბრძოლა წესების გარეშე მიმდინარეობსო.


ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლადაც ვმუშაობდი, სასამართლოს თავმჯდომარედაცო და ხომ წარმოგიდგენიათ, ამ მორალის კაცი იმ თანამდებებობებზე რამდენ უდანაშაულო ადამიანს გააუბედურებდა, როცა „საქმეს ჭირდებოდა“.


კიდევ უამრავი მაგალითის მოტანა შეიძლება ამ გამრუდებული კაცის საქმიანობიდან რაც ძალიან შორს წაგვიყვანს და სიტყვას გაგვიგრძელებს.


მოკლედ შალვა ხაჭაპურიძე ამბობს- "როცა ვიტყვი ასეო, უნდა იყოს ასეო, როცა ვიტყვი ისეო, უნდა იყოს ისეო" ბატონო შალვა თქვენ შეცდით, ასეთი ეპიზოდი არის ცნობილ ქართულ ფილმში "მანანა" და არა ქართულ სამართალსა და ქართულ მენტალობაში“ - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930