27-12-2022
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი, 30-ე რექტორი ჰყავს. 2004 წლის საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ“ შესაბამისად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორად თსუ პროფესორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია აირჩია.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო აკადემიური საბჭოს 32-მა წევრმა. ჯაბა სამუშიას საბჭოს სიითი შემადგენლობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ -30-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 2 ბიულეტინი კი გაბათილდა.
საარჩევნო კომისიის მდივნის მერი კაპანაძის თქმით, არჩევნებმა დარღვევების გარეშე, მშვიდ გარემოში ჩაიარა. კენჭისყრის და ხმის დათვლის პროცესს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ 2 დამკვირვებელი აკვირდებოდა.
თსუ აკადემიურ საბჭოში 38 წევრია (სრული შემადგენლობა). აქედან 21 წევრი წარმოადგენს 7 ფაკულტეტს - ყოველი ფაკულტეტიდან 3-3 წევრი, რომელთაც ფაკულტეტის საბჭოში შემავალი პროფესორები და სტუდენტები ირჩევენ; თითო წევრს ირჩევს16 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. აკადემიური საბჭოს 38-ე წევრია რექტორი, რომელიც, ამავე დროს, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეა, თუმცა, მას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
თსუ ახალარჩეულმა რექტორმა მადლობა გადაუხადა აკადემიური საბჭოს წევრებს და მთელ საუნივერსიტეტო საზოგადოებას ნდობისთვის. „პირველ რიგში, ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა. მე, როგორც უნივერსიტეტელი,თითოეულპროფესორთან, სტუდენტთან და ადმინისტრაციის თანამშრომელთან ერთად ვეცდები ვიზრუნო უნივერსიტეტის მომავალზე. იმაზე, რომ სწავლა-სწავლება და სამეცნიერო კვლევა ამ ოთხი წლის განმავლობაში იყოს უფრო მაღალი სტანდარტების. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს არა მხოლოდ რეგიონსა და აღმოსავლეთ ევროპაში, არამედ მსოფლიოში იყოს ერთ-ერთი გამორჩეული უნივერსიტეტი,“- განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ.
თსუ რექტორის არჩევნებისა და რექტორობის მსურველთა რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები თსუ აკადემიური საბჭოს 15 ნოემბრის დადგენილებით განისაზღვრა. კანდიდატთა რეგისტრაცია 16 დეკემბერს დაიწყო და 21 დეკემბერს დასრულდა. თსუ რექტორობაზე განცხადება შემოიტანა თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ.
ფარული კენჭისყრისა და ხმების დათვლის შემდეგ უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის მდივანმა მერი კაპანაძემ, აკადემიურ საბჭოს გააცნო კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი, რომლის მიხედვითაც აკადემიურმა საბჭომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 30-ე რექტორად თსუ პროფესორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია აირჩია.
16-11-2024
16-11-2024