29-12-2022
„ამერიკელები ანგრევენ ყველა სისტემას, რომლის გავლენის ქვეშ მოქცევის ინტერესიც ამოძრავებთ, მათ შორის სასამართლო სისტემებს სხვადასხვა დონეზე“, - ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი წერს.
„გუშინ გამოქვეყნდა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების მორიგი წერილი, რომელიც „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ მიმდინარე დავას ეხება და საიდანაც რამდენიმე ახალი საინტერესო დეტალი გახდა ცნობილი.
როგორც ვიცით, ბიძინა ივანიშვილის დასაშანტაჟებლად, ევროპარლამენტი და შვეიცარიული ბანკი სინქრონულად მოქმედებდნენ, რაც ევროპული აგენტოკრატიის ერთ-ერთ აქტიურ წარმომადგენელს, ვიოლა ფონ კრამონს ერთხელ წამოსცდა კიდეც. ფონ კრამონმა აღიარა, ივანიშვილის სანქცირების შესახებ ჩანაწერი რეზოლუციაში ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მოვამზადეთ და ამ ჩანაწერმა შვეიცარიის ბანკზე ეფექტი უკვე იქონიაო.
ქრონოლოგიურად რომ გავყვეთ, „კრედიტ სუისმა“ თანხების გადარიცხვა ჯერ უკრაინაში ომის დაწყების სრულიად აბსურდული საბაბით შეაჩერა, ხოლო როდესაც ეს აბსურდი მალევე გაცვდა, ამერიკელებმა ბანკს ევროპარლამენტი შეაშველეს. „კრედიტ სუისმა“ ივანიშვილს თანხების გადარიცხვა მეორედ სწორედ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე დაყრდნობით შეუჩერა. თუმცა, ორი კვირის წინ, შვეიცარიულ ბანკს რეზოლუციის ფორმალური არგუმენტის საკუთარი ხელით გაუფასურება მოუხდა, როდესაც სინგაპურის სასამართლოს შიშით, ევროპარლამენტის მეორე რეზოლუციის მიღების მეორე დღესვე, ბანკმა გაჩერებული თანხის ნაწილი, იძულების წესით, ბიძინა ივანიშვილს გადაურიცხა.
საზოგადოებისთვის საინტერესო უნდა იყოს, რატომ ვერ ჩართეს ამერიკელებმა შანტაჟის სქემაში სინგაპურისა და ბერმუდის სასამართლოები, როდესაც მათ ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟების ესოდენ დიდი სურვილი ამოძრავებთ. ამ გარემოებას თავისი ლოგიკური ახსნა აქვს. კერძოდ, ივანიშვილმა სინგაპურშიც და ბერმუდაზეც დავები რამდენიმე წლის წინ დაიწყო და საქმის განმხილველი მოსამართლეებიც მაშინ დაინიშნენ. იმ პერიოდში ომში საქართველოს ჩართვის თემა აქტუალური არ იყო და ამერიკელებს ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟებაზე მეტად, შვეიცარიული საბანკო სისტემის დანგრევის ინტერესი ამოძრავებდათ. ისიც საინტერესოა, რომ ორივე მოსამართლე 60 წელს არის გადაცილებული. შესაბამისად, ისინი მოსამართლეთა იმ თაობას განეკუთვნებიან, რომელთათვისაც ინგლისური სამართლის სამართლიანი შეფარდება წმინდა საქმეა. შესაბამისად, საქმის განხილვის ბოლო ეტაპზე, როდესაც ამერიკელებს ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟების მძაფრი ინტერესი გაუჩნდათ, პროცესის გადალაგება უკვე დაგვიანებული იყო.
თუმცა, ამერიკული გავლენის მკაფიო ნიშნები და მათი ხელწერა უკვე გამოიკვეთა გერნსის სასამართლოში, სადაც, პრაქტიკულად, ფორმალური დატვირთვის მქონე, წინა გადაწყვეტილებების დამადასტურებელი ერთდღიანი პროცესი ჯერ კიდევ სექტემბერში უნდა გამართულიყო. სრულიად გაუგებარი მიზეზით, პროცესი სექტემბრიდან რამდენჯერმე გადაიდო, ბოლოს კი, ის მოსამართლემ, მოუცლელობის თითიდან გამოწოვილი საბაბით, მარტში გადადო, რაც სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლის მკაფიო გამოვლინებაა. ნიშანდობლივია, რომ გერნსის სასამართლოში პროცესი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩაინიშნა, როდესაც ამერიკელები უკვე ბიძინა ივანიშვილის შანტაჟის ინტერესით მოქმედებდნენ.
ამერიკელები მუშაობენ მარტივი პრინციპით, რომ ყველაფერი მათი სპეცსამსახურების ხელით უნდა იმართებოდეს. შესაბამისად, ისინი ანგრევენ ყველა სისტემას, რომლის გავლენის ქვეშ მოქცევის ინტერესიც ამოძრავებთ, მათ შორის სასამართლო სისტემებს სხვადასხვა დონეზე. ისინი ყველაფრის მითვისებას ცდილობენ, რაც მსოფლიო მასშტაბით ამერიკის პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის გაფართოებისთვის არის საინტერესო. როგორც ევროპული კინემატოგრაფი შეიწირეს და ჰოლივუდში შთანთქეს, ასევე უპირებენ ამერიკაში შვეიცარიული საბანკო სისტემის გადაქაჩვასაც. თუ შორეულ წარსულში ომში გამარჯვებულ მხარეს თავის ქვეყანაში ნაალაფარი მიჰქონდა, დღევანდელ რეალობაში, ამერიკელებს ევროპიდან გამზადებული ფინანსური ინსტიტუტები და საწარმოები მიაქვთ. სახელგანთქმული გერმანული ინდუსტრიის ამერიკაში გადადინების პროცესის დაწყებაც ამის მორიგი მაგალითია.
ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილზე ამერიკული ზეწოლა და შანტაჟი გრძელდება. ომის დაწყების დღიდან მოყოლებული, უკვე მეათე თვეა, მას შვეიცარიული ბანკი კუთვნილ ფულს თავხედურად არ ურიცხავს, ისე, რომ ამისათვის ერთი მეტ-ნაკლებად მყარი მიზეზიც კი არა აქვს.
ბიძინა ივანიშვილს პირველ ეტაპზე გაუმართლა და სინგაპურისა და ბერმუდის პირველ ინსტანციებში ამერიკელებს მის წინააღმდეგ არ უმუშავიათ.
შესაბამისად, მან სამართლებრივი დავა ორივე სასამართლოში სამართლიანად მოიგო. თუმცა, ვხედავთ, რომ ამერიკელები უკვე სასამართლოსაც მიადგნენ და ისინი შანტაჟის გასაგრძელებლად გერნსის სასამართლოს იყენებენ. ეს კი, ქმნის მოლოდინს, რომ ამერიკელები სინგაპურისა და ბერმუდის სასამართლოების სააპელაციო ინსტანციებსაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მის დასაშანტაჟებლად აამოქმედებენ. ადვოკატების წერილიდან იკითხება, რომ ამგვარი ნეგატიური მოლოდინი თავად ბიძინა ივანიშვილსაც აქვს.
თუ მანამდე ამერიკელებისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი შვეიცარიული საბანკო სისტემის დანგრევა იყო, ახლა ისინი აქცენტს ბიძინა ივანიშვილის შანტაჟზე აკეთებენ. ამ პირობებში, მათ გერნსის პროცესიც არა მხოლოდ მარტამდე, არამედ, თუნდაც, რამდენიმე წლითაც კი შეიძლება გაწელონ, ხოლო სინგაპურსა და ბერმუდაზე სრულიად მარტივი საქმე თავდაყირა შეიძლება დააყენონ.
დასასრულს, კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო საზოგადოებას, კარგად გააანალიზოს, რა მიზნით აშანტაჟებენ ბიძინა ივანიშვილს და სათანადოდ დააფასონ, რომ ეს კაცი 2 მილიარდი დოლარის სანაცვლოდ არ აწერს ომზე და საქართველოს განადგურებაზე ხელს.
რაც მთავარია, კარგად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, რათა ის მომავალი არ გავიზიაროთ, რომელიც, თუ პროცესები ასე გაგრძელდა, საუკუნეების მანძილზე ნაშენებ ევროპულ ეკონომიკას, სასამართლოს, მედიას და სხვა ევროპულ სისტემებს ელის“, - აცხადებს შათირიშვილი.
16-11-2024
16-11-2024