6-01-2023
კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების პროექტს „მედიის გასაღები", რომელიც მედიაწიგნიერების პლატფორმაზე www.mediatsigniereba.ge -ზეა განთავსებული, უკვე 100 ფილმი და 40000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. „მედიის გასაღები" არის ფინური მოდელის მიხედვით შექმნილი ონლაინ პლატფორმა, რომელიც ხაზს უსვამს ფილმების პოზიტიურ შინაარსს და მოზარდებს ფილმებისა და მულტფილმების გააზრებაში ეხმარება. „მედიის გასაღები" ევროკომისიის მიერ აღიარებული პროექტია, რომელიც მოზარდებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ფილმების ანალიზით უწყობს ხელს.
www.mediatsigniereba.ge -ზე უკვე განთავსებულია 100 ფილმის, მათ შორის 30 ქართული და 70 უცხოური ფილმის შესახებ ინფორმაცია, რომელიც სპეციალურად აღნიშნული პლატფორმისთვის პროფესიონალი ფსიქოლოგებისა და კინომცოდნეების მიერ შემუშავდა. ყველა ფილმი სპეციალური ასაკობრივი კატეგორიების მიხედვითაა დაყოფილი და თითოეულ მათგანს აქვს ინდივიდუალური აღწერა და რეკომენდაციები, თუ რა დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია კონკრეტულ ფილმსა თუ მულტფილმს მოზარდის შემდგომ განვითარებაზე. „მედიის გასაღები" მშობლებს, მასწავლებლებსა და მოზარდებს სთავაზობს ფილმებს ოთხი ასაკობრივი ჯგუფისთვის, მათ შორის: სკოლამდელი და დაწყებითი კლასის ასაკის - 4-8 წლამდე ბავშვებისთვის, დაწყებითი კლასების - 9-11 წლამდე მოსწავლეებისთვის, ასევე, 12-14 წლამდე და 15-18 წლამდე მოზარდებისთვის.
მედიაწიგნიერების აღნიშნული პროექტი მშობლებსა და მასწავლებლებს ხელს უწყობს, განსაზღვრონ მათი შვილების ასაკისთვის შესაფერისი ფილმები, გამართონ მათთან დისკუსია და განიხილონ ფილმის პოზიტიური შინაარსი. ამასთან, პროექტი მოზარდებს მედიაწიგნიერების, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების უნარების განვითარებაში ეხმარება.
პროექტის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისია სკოლებში კინოჩვენებებს მართავს და მოსწავლეებს ფილმების მიმოხილვის პროცესში აქტიურად რთავს. ფილმის ყურების შემდეგ, მოზარდები კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების ტრენერთან ერთად, განიხილავენ რა არის ფილმის მთავარი თემა, ყურადღებას ამახვილებენ დასაფიქრებელ სცენებზე, რომლებიც მათ მომავალში წარმატების მიღწევასა და განვითარებაში დაეხმარება. ასევე, დისკუსიის ფორმატში განიხილავენ ფილმის მთავარ სათქმელს და აფასებენ გადმოცემული ინფორმაციის სანდოობას.
„მედიის გასაღების" კინოჩვენებებში მონაწილეობა უკვე 100-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. კომუნიკაციების კომისია მოსწავლეებთან შეხვედრებს 2023 წლიდან განაგრძობს.