გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
«Radio Voice of America»: მოსკოვი-დამასკო-ცხინვალი და კავკასიური ხმალი; ბაშარ ასადი ბიბილოვს შეხვდა

24-07-2018

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რეჟიმის ლიდერი ანატოლი ბიბილოვი დამასკოში, სირიის არაბთა რესპუბლიკის დიქტატორმა ბაშარ ალ-ასადმა მიიღო. ბიბილოვი სირიაში მას შემდეგ ჩავიდა, რაც სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალიდ მუალემმა და ცხინვალში რეჟიმის წარმომადგენელმა დიმიტრი მედოევმა კვირას, დამასკოში „დიპლომატიური ურთიერთობის“ დამყარებას მოაწერეს ხელი.


ოსი სეპარატისტების სირიაში რუსეთიდან, სირიის კერძო ავიაკომპანია Cham Wings Airlines-ის ავიალაინერით ჩაფრინდა. სააგენტო „როიტერის“ ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, Cham Wings Airlines-ი სწორედ ის ავიაკომპანიაა, რომელსაც როსტოვიდან სირიაში საიდუმლო ჩარტერული რეისებით რუსი დაქირავებული მებრძოლი ჩაჰყავს. ამ მიზნებისთვის ავიაკომპანია Cham Wings Airlines საქართველოს საჰაერო სივრცესაც იყენებდა, თუმცა, 2018 წლის ივნისის შემდეგ, რაც სირიამ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, „საქაერონავიგაციამ“ Cham Wings-სა და Syrian Air-ს საქართველოს საჰაერო სივრცე დაუკეტა.


ბაშარ ალ-ასადი ანატოლი ბიბილოვს დამასკოს დასავლეთ ნაწილში, მეზის მთაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლეში შეხვდა, რომელიც თითქმის მთლიანად მსოფლიოში განთქმული იტალიური კარარას მარმარილოთი არის აშენებული.


ანატოლი ბიბილოვმა მადლობა გადაუხადა ბაშარ ასადს „დამოუკიდებლობის აღიარებისთვის“ და აღნიშნა, რომ „ცხინვალი უპირობო მხარდაჭერას უცხადებს სირიის ხალხს, კანონიერ ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ სამართლიან ბრძოლაში“.


„მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი - საქართველოს“ ხელმძღვანელი, კონფილიქტოლოგი ლევან გერაძე ამბობს, რომ მთელ ამ სპექტაკლს ერთი მთავარი რეჟისორი - რუსეთი ჰყავს: „სირიის რეჟიმის არსებობა როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით მთლიანად არის დამოკიდებული რუსეთზე და მის შეიარაღებულ ძალებზე. აქედან გამომდინარე, ყველა შეთავაზება რომელიც მოსკოვიდან ბაშარ ასადის რეჟიმს გაეგზავნება, ბუნებრივია სირიის მხრიდან აღქმული იქნება, როგორც აუცილებლად შესასრულებელი. სწორედ ასეთ შეთაზებას მოჰყვა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება და ახლა მათთან დიპურთიერთობების გაფორმება“.


ანატოლი ბიბილოვმა ბასარ ასადს დამასკური ფოლადიდან გაკეთებული კავკასიური ხმალი აჩუქა და ოსი სეპარატისტების უმაღლესი სამხედრო ჯილდო - „უაცამონგას ორდენი“ გადასცა.


პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სირიის თავდაცვის მინისტრი გენერალი ალი აბდულა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2018 წლის პირველ იანვარს დაინიშნა და საგარეო საქმეთა მინისტრი, 77 წლის ვალიდ მუალემი, რომელიც სირიის საგარეო უწყებას უკვე 12 წელია უდგას სათავეში. ბასარ ასადმა და ანატოლი ბიბილოვმა ხელი მოაწერეს „ხელშეკრულებას მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ“. სირიის დიქტატორმა აღნიშნა, რომ „ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს სირიის სწორ პოზიციას, ორიენტაცია აიღოს აღმოსავლეთის ქვეყნებზე და არა დასავლეთზე, რომელსაც მხოლოდ დიქტატის მოხვევა შეუძლია“.


ანატოლი ბიბილოვი სირიაში კიდევ რამდენიმე დღე დარჩება და ასევე შეხვდება ამ არაბული ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმდჯომარესა და ბიზნესმენებს. ოსი სეპარატისტების „პირველი ოფიციალური ვიზიტის“ კოორდინირებას დამასკოში, პირადად სირიაში რუსეთი ელჩი ალექსანდრე კინშჩაკი ახდენს.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას განცხადებით, თბილისის მეგობრებმა დამასკოზე ზემოქმედების ყველა რესურსი ამოწურეს: „ფაქტია, რომ ჩვენს პარტნიორებს და მთლიანად ცივილიზირებულ სამყაროს ამჟამად დამასკოში ბევრი არაფერი ეთქმით. ერთადერთი, ვინც მართავს იქ სიტუაციას და ვისაც აქვს უზარმაზარი გავლენა ბაშარ ასადის რეჟიმზე, ეს არის მოსკოვი. ამის მეშვეობით, რუსეთმა მიაღწია იმას, რასაც მიაღწია“.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიასთან სირიამ დიპლომატიური ურთიერთობა მას შემდეგ გააფორმა, რაც გასულ კვირას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტის დირექტორმა მარია ზახაროვამ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობების სრულმასშტაბიანი აღდგენის შესახებ დაინტერესებაზე ისაუბრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930