10-01-2023
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი ხვალ გამოცხადდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევ საკონკურსო კომისიის სხდომაზე მიიღეს. სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის რევაზ ჯაველიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი ხვალ გამოცხადდება.
ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევ საკონკურსო კომისიის სხდომაზე მიიღეს. სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის რევაზ ჯაველიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
როგორც რევაზ ჯაველიძემ აღნიშნა, კომისიის სხდომაზე დღეს ასევე დაამტკიცეს კომისიის დებულება.
„კომისიის დებულებაში მითითებულია იმ დოკუმენტების ჩამონათვალი და პროცედურები, რომლის მიხედვითაც მოხდება კანდიდატების შერჩევა. კომისიის დებულება განთავსდება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე და ყველა იმ კანდიტატს, ვინც შესაბამის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ექნება შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი მონაცემები და ინფორმაცია 25 იანვრის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან ნასამართლევი, აქვთ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება მართლმსაჯულების სისტემაში, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში და ასევე სამართალდამცავ სისტემაში და სარგებლობენ საკმაოდ მაღალი რეპუტაციით", - განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის 2022 წლის 22 დეკემბრის N289-ე ბრძანებით გამოცხადდა და საკონკურსო კომისია შეიქმნა, ხოლო 2022 წლის 30 დეკემბრის N304-ე ბრძანებით, კომისიის შემადგენლობა განისაზღვრა.
საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან: მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე; პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე; პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე; გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე; სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გვარამაძე; „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი ალექსანდრე ქევხიშვილი.
საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა, რომელიც თავის საქმიანობას დამოუკიდებლად განახორციელებს და ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.
ანტიკორუფციულ ბიუროს უხელმძღვანელებს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რომელიც კონკურსის წესით შეირჩევა სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საკონკურსო კომისიის მიერ. კონკურსის შედეგად შეირჩევა არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატი. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი 6 წლის ვადით დანიშნავს.