14-01-2023
„საქართველო მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, რაც მის უპირატესობას წარმოადგენს. საქართველოს ენერგეტიკის სექტორი განვითარების აქტიურ ფაზაშია. ჩვენი მიზანია განახლებადი ენერგიის უზარმაზარი გამოუყენებელი პოტენციალის ეფექტური გამოყენება ჰიდროს, ქარის, მზისა და სხვა ენერგოეფექტური მიმართულებებით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) ასამბლეის რიგით მე-13 სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში „აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის" ფარგლებში მიმდინარეობს.
რომეო მიქაუტაძის განცხადებით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მდგრადი განვითარება და მდგრად ენერგიაზე გადასვლა არის წინგადადგმული ნაბიჯი დაბალი ემისიის ეკონომიკისკენ. თუმცა, მისი თქმით, ენერგიის მდგრადი განვითარება არ არის მხოლოდ განახლებადი ენერგიის გამოყენება - ეს არის ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიისა და პოლიტიკის შემუშავების სინერგია, რომელიც მოითხოვს რესურსების ხელმისაწვდომობას, სათანადო ინვესტიციებს, ძლიერ პოლიტიკურ ნებასა და თანამშრომლობას სხვადასხვა მხარეებს შორის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რეგიონში.
მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, საქართველო ენერგიის მზარდი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, განბსაკუთრებით ზამთრის დეფიციტის დასაძლევად და იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ავითარებს დამატებით გენერაციას. მისი თქმით, ამჟამად განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა განახლებადი ენერგიის 202 პროექტი (153 ჰიდრო, 18 ქარი და 31 მზის ელექტროსადგური).
რომეო მიქაუტაძემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოს ხელისუფლების ინიციატივაზე წყალბადის კომიტეტის ჩამოყალიბების შესახებ, რომლის ძირითადი მიზნებია საქართველოში წყალბადის ენერგიის განვითარების პერსპექტივებისა და წყალბადის პროექტების სოციალურ-ეკონომიკური ზემოქმედების შეფასება; ეროვნული სტრატეგიის შემუშავების ხელშეწყობა; წყალბადის ენერგიის ეროვნული სტრატეგიის საგზაო რუქის შემუშავება; წყალბადის ენერგიის ხელშეწყობის დამატებითი ჩარჩოს განსაზღვრა და წყალბადის ენერგიის წარმოებისთვის განახლებადი ელექტროენერგიის სიმძლავრის გაზრდის ხელშეწყობა. მისი თქმით, წყალბადის კომიტეტს ხელმძღვანელობს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
„გენერაციის ზრდის პარალელურად, საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემი ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება. საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობის გაუმჯობესებისა და ელექტროენერგიის გამომუშავებისა და ტრანზიტის რეგიონალურ ჰაბად ჩამოყალიბების მიზნით, ჩვენ შევიმუშავეთ ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმა 2022-2032 წლებისთვის. ეს არის სტრატეგიული დოკუმენტი სტაბილური, საიმედო, ეკონომიური და ეფექტური გადამცემი სისტემის უზრუნველსაყოფად განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, რომელიც უზრუნველყოფს ქსელის უსაფრთხოებას, გადაცემის საკმარის სიმძლავრეს ქსელში განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაციისათვის და გააადვილებს მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიის მიმოცვლას," - აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ.
მან ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკულ რეფორმაზე. „ჩვენი მიზანია გადავიდეთ ვერტიკალურად ინტეგრირებული სტრუქტურიდან ისეთ სტრუქტურაზე, სადაც გადაცემისა და განაწილების იურიდიული, ფინანსური და ოპერაციული ფუნქციები გამიჯნული იქნება მომწოდებლების, მოვაჭრეებისა და გენერატორებისგან. ეს ნაბიჯი საშუალებას აძლევს და ხელს უწყობს კონკურენციას საბითუმო ბაზრების დონეზე, რომელიც ასევე ეფექტს ახდენს საცალო ბაზრებზე. კონკურენტული ბაზარი ხელს შეუწყობს ჩვენს მეზობლებთან საზღვართშორისი ვაჭრობის შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენებას და სექტორის გახსნას კონკურენტუნარიანი ძალებისთვის, მათ შორის უცხოელი მონაწილეებისა და ინვესტორებისგან, - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ამჟამად მომზადდა ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებული გეგმა (NECP), რომელიც განახლებადი ენერგიის, ენერგოეფექტურობის და 2030 წლისთვის სათბურის გაზების ემისიის შემცირების მიზნებს განსაზღვრავს.
„დარწმუნებული ვართ, რომ ენერგეტიკის სექტორის განვითარება საქართველოში ხელს შეუწყობს მდგრადი ენერგეტიკის განვითარებას და მომავალშიც უპასუხებს მდგრადი განვითარების მიზანს. იმედია, ჩვენი ძალისხმევა მიგვიყვანს სტრუქტურულ ცვლილებამდე, რომელიც საჭიროა მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის შესასრულებლად და, საბოლოო ჯამში, სარგებელს მოუტანს მომავალ თაობებს," - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
16-11-2024
16-11-2024