26-01-2023
საბაჟოს წინაშე დასახული მიზნებისა და ამოცანების შესრულება, შესაძლებელი იყო, არის და იქნება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მან აღნიშნა, პოსტპანდემიასთან, უკრაინაში მიმდინარე ომთან და მსოფლიოს სხვა გამოწვევებთან დაკავშირებულმა მოვლენებმა, საბაჟოს როლი საზოგადოებაში შეიძლება ითქვას ყოვლისმომცველი გახადა.
„დღევანდელი დღე, განსაკუთრებულია მებაჟე-ოფიცრებისთვის. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის არსებობის მანძილზე პირველად, ისინი პროფესიულ დღეს სპეციალური წოდებების სტატუსით აღნიშნავენ. ეს მათი შრომისა და ქვეყნისადმი ერთგული სამსახურის დაფასებაა. ვფიქრობ, ამ ურთულესი ორი წლის მანძილზე, ჩვენმა მებაჟე-ოფიცრებმა ღირსეულად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობებს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.