გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ქართული პრესა
უცხოელი გიდები უკვე პოლიტიკურ პრობლემებს ქმნიან

25-07-2018

იმის გამო, რომ საქართველოში უცხოენოვანი გიდების დეფიციტია, ტურისტებს თავიანთი ქვეყნიდან მოჰყავთ გიდები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ისტორიის შესახებ ფაქტებს საშინლად ამახინჯებენ, განსაკუთრებით პრობლემას ქმნიან ირანელი გიდები. თითქმის ყველა მათგანი ირანელ ტურისტებს უყვება, რომ თბილისი სპარსული ქალაქი იყო, შემდეგ რუსებმა მიითვისეს და ასე მოხვდა დღევანდელი საქარველოს ტერიტორიის შემადგენლობაში. ისინი თბილისის, როგორც თავიანთი ქალაქის, დაბრუნებას სხვადასხვა ფორმით ითხოვენ. ტურიზმის სფეროს სპეციალისტები კონკრეტულ ფაქტს პოლიტიკას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფომ აუცილებლად უნდა მოახდინოს სწრაფი რეაგირება.


თბილისის გარდა, პრობლემაა ბათუმშიც, სადაც "თურქული უბნებია" მოწყობილი და თავიანთ დღესასწაულებს აღნიშნავენ. ყოველ დილით, უთენია ადგილობრივებს მოლას ლოცვა აღვიძებთ. ექსპერტებს ეს ფაქტი საკმაოდ საგანგაშოდ მიაჩნიათ, რადგან საქართველოში სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს იმაზე დიდ უფლებები აქვთ, ვიდრე საჭიროა.


ირანელების მხრიდან არასწორი ინფორმაციის გავრცელებას, საქართველოში კვალიფიკაციური კადრების დეფიციტს უკავშირებს ტურიზმის დარგის მკვლევარი ნიკა კვარაცხელია. მისი აზრით, ირანელი გიდების მიერ ისტორიული ფაქტების დამახინჯებას ჩვეულებრივი მოქალაქეები ვერ დაუპირისპირდებიან, ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, კვალიფიკაციური გიდების სახით.


"საქართველოში ტურისტს, ირანელი იქნება, თურქი, თუ ამერიკელი, უნდა დახვდეს ადგილობრივი გიდი და მან უნდა ჩაუტაროს ექსკურსია, მაგრამ ჩვენ ძალიანაც რომ მოვინდომოთ, არ გვყავს შესაბამისი კადრი, რომ უცხოელ ტურისტებს ესაუბროს, არც ქვეყანაა მზად, რომ ამდენ ტურისტს უმასპინძლოს. არც რეგულაცია არ გვაქვს ისეთი, რომ სხვა ქვეყნიდან შემოსული გიდების მიერ ჩატარებული ექსკურსია ავკრძალოთ.


გარდა ამისა, არის ახალი რაღაცები, მაგალითად, სმარტფონებში აპლიკაციები, რომელთა მეშვეობითაც მთელი მოგზაურობა, საქართველოს მასშტაბით არის გახსნილი. იქ შეგვიძლია, სწორი ისტორია გადავცეთ მსოფლიოს. არა მგონია, ირანელებმა და ასევე თურქებმა კარგი რაღაცები მოუყვნენ ქართველებზე თავიანთ თანამემამულეებს, მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, ვერაფერს ვუპირისპირებთ. რომ გვითხრან, ყველა ჯგუფს თქვენთან მოვიყვანთო, არ გვყავს იმდენი ენისა და, ამას დამატებული, ისტორიის მცოდნე პროფესიონალი კადრები.


სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამაზე, უნდა გახსნას კურსები და გადაამზადოს გიდები იმისთვის, რომ თავისუფლად შევძლოთ, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მივიღოთ და სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენი ქვეყნის თაობაზე", - განაცხადა კვარაცხელიამ.


ირანელი ტურისტების ერთგვარ თავხედობას, ტურიზმისგან შორს, როგორც პოლიტიკურ ფაქტს, ისე განიხილავს ტურიზმის სფეროს სპეციალისტი მარინა მეტრეველი. "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას იგი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა როგორც ირანელებს, ასევე თურქებს გაცილებით ბევრ უფლებას აძლევს, ვიდრე ამას საჭიროება მოითხოვს, დროთა განმავლობასი კი ეს პოლიტიკურ ფორმას მიიღებს.


"დღეს ვართ გადართული ტურისტებისთვის იმ ღირსშესანიშნაობების გაცნობაზე, რაც გაგვაჩნია. ეს ნამდვილად ასე უნდა იყოს, მაგრამ ხვალ და ზეგ ეს ყველაფერი მიიღებს ძალიან მძიმე პოლიტიკურ სახეს. როგორც ირანელ ტურისტებს თავიანთი გიდები ელაპარაკებიან, თბილისი მათი ქალაქი იყო, ისე თურქი გიდები უხსნიან თავიანთ ტურისტებს, რომ ბათუმი ერთ დროს მათი იყო. ეს ძალიან სანერვიულო თემაა და ამაზე მხოლოდ ჟურნალისტები და ექსპერტები არ უნდა ვსაუბრობდეთ.


აუცილებლად სახელმწიფომ უნდა აიმაღლოს ხმა. წელს ბათუმში ვიყავი და ყოველი ცისმარე დილა მოლას ლოცვით იწყება და მისი ხმა მთელ ქალაქში ისმის. ჩემს ქვეყანაში კი არა, რომელიღაც მუსლიმანურ ქალაქში მეგონა თავი. ჩვენვე ვაძლევთ მათ ამ ყველაფრის უფლებას. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ძველი ბათუმის ქუჩები შესყიდული აქვთ თურქებს და თავიანთ დღესასწაულებს აწყობენ. ობლებივით დადიან ქართველები იმ ქუჩებში. იგივეა თბილისში, აღმაშენებელზე, სადაც ირანელებს უამრავი ობიექტი აქვთ შესყიდული. აქ უკვე გიდების პრობლემას გავცდით და საქმე უფრო სერიოზულ ვითარებასთან გვაქვს. მარტო გიდების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის პრობლემა, საქმე ეხება იმ დიდ უფლებებს, რასაც სახელმწიფო აძლევს უცხოელებს ჩვენს ქვეყანაში.


სასწრაფო ზომებია მისაღები. იტყვიან, რომ ინვესტორებს ხელი ეშლებათ და ასე შემდეგ, მაგრამ ქართველების უფლებებზეა აქ საუბარი. ამაზე რეკომენდაციებს ვერ მივცემ მთავრობას, რადგან ეს ყველაფერი ტურიზმის ფარგლებს სცდება და პოლიტიკურია.


რაც შეეხება ზოგადად გეგმებს, აუცილებელია სერტიფიცირებული და, რაც მთავარია, ენის მცოდნე გიდები, რომლებიც უნდა გადაამზადოს სახელმწიფომ. საჭიროა ადგილობრივი კადრები, რომლებიც სწორად გააცნობენ ისტორიას უცხოელ ტურისტებს. მე ეს მიმაჩნია ერთ-ერთ გამოსავლად", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" მეტრეველმა.


ირანელი ტურისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თავის მხრივ, პრობლემად მიაჩნიათ ტურისტურ კომპანიებს და დამოუკიდებელ გიდებსაც. "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ისინი აცხადებენ, რომ ენის არცოდნის გამო (ირანელებმა ხშირ შემთხვევაში არ იციან ინგლისური ან რუსული, თავად ქართველ გიდებსაც კი აქვთ სპარსულის ცოდნის პრობლემა) უჭირთ ინფორმაციის მიწოდება. თუ ქვეყანა მათ მისცემს იმის საშუალებას, რომ ენების შესწავლა შეძლონ, ყველანაირად მოინდომებენ და უცხო ქვეყნის წარმომადგენელს თავიანთ ენაზე მიაწოდებენ სწორ ინფორმაციას საქართველოს შესახებ.






resonancedaily.com

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930