26-07-2018
საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, პოლიტიკური გაერთიანების, "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს ამჯერად სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვით ეხმაურება.
სააკაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში მთავარი მევახშე ბიძინა ივანიშვილია.
„თავს ძალა დავატანე და ვნახე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, თქვენც გირჩევთ რომ ნახოთ, იმიტომ რომ ამდენი სიმართლე მას ცხოვრებაში არ უთქვამს, ამ ინტერვიუში ივანიშვილმა თავის პირით აღიარა, რომ მისი მმართველობის დროს ბოლო 6 წელიწადში საქართველოში სიღარიბე გაიზარდა და საქართველოს ეკონომიკა პრაქტიკულად არ იზრდება. მან აღიარა, რომ საქართველო ბანკების წინაშე დავალიანების კუთხით პირველ ადგილზე გავიდა მსოფლიოში და გაუსწრო პრაქტიკულად ყველა ქვეყანას. საქართველოს ხალხისშემოსავლის მესამედი ხმარდება ბანკების ვალების მომსახურებას. იქვე, მან ეს დააბრალა ორ ბანკს და თავის პაიკებს. მაგრამ მოდით ვნახოთ ციფრები.
მართალია, რომ „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“ მსხვილი ბანკები არიან, მაგრამ „თიბისია“ ივანიშვილმა გადასცა უზარმაზარი ქონება ლაზიკის პორტში და თბილისის ცენტრში იმის სანაცვლოდ, რომ ივანიშვილის და კალაძის მფლობელობაში მყოფი წამგებიანი ბანკი ძვირად იყიდა „თიბისიმ“. ესეიგი ივანიშვილმა გააკეთა ფული, სამაგიეროდ „თიბისიმ“ მიიღო ქონება.
მთავარი, რაც ივანიშვილს დაავიწყდა, არის ის რომ მისი ბანკის „ქართუს“ აქტივები გაიზარდა 4-ჯერ და გაიზარდა სახელმწიფო პროგრამების ხარჯზე. „ქართუ“ არის ყველაზე სწრაფად მზარდი მევახშე ინსტიტუტი საქართველოში. იქვე მან ილაპარაკა ბევრ თავის ქველმოქმედებაზე და თქვა, რომ ბიზნეს ინტერესები არ აქვს საქართველოში და დაავიწყდა თავისი ოჯახის ხე-ტყის, ოქროს ბიზნესი, რომელიც უზარმაზარი შემოსავლის მომტანია ივანიშვილის ჯიბეში.
მან ილაპარაკა ქუმსიშვილსა და კვირიკაშვილზე და დაავიწყდა თქმა, რომ კვირიკაშვილი იყო ბანკი „ქართუს“ დირექტორი, ხოლო ქუმსიშვილი არის დირექტორის მოადგილე და ეს ნიშნავს, რომ როდესაც ქუმსიშვილს ადანაშაულებენ რომ გამოჰქონდა კრედიტი და მერე სახელმწიფოს ასტუმრებინებდნენ, ეს იყო „ქართუ ბანკის“ კრედიტი. სახელმწიფოს, ბიუჯეტის ანუ თქვენი ბიუჯეტის ხარჯზე გაუსტუმრეს ეს კრედიტი „ქართუ ბანკს“. ე.ი. მოგება მიდის ივანიშვილის ჯიბეში და ქუმსიშვილს რომ ატარაბენ დაკითხვებზე, კი მაგრამ, ივანიშვილია მანდ მთავარი მიმღები და მომგები. ამავე დროს, არა მხოლოდ ხალხის ვალი გაიზარდა, არამედ სახელმწიფოს ვალი. ე.ი. ჩვენი შვილების და შვილიშვილების გადასახდელი ვალი გაიზარდა ბოლო 6 წელიწადში თითქმის 2-ჯერ. ჩემი პრეზიდენტობის დროს, საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა თითქმის 4-ჯერ და 6 წლის განმავლობაში 2016 წელს მშპ იყო 500 მლნ დოლარით შემცირებული. ჩემ დროს სიღარიბე შემცირდა 2ჯერ, ბოლო 6 წელიწადში კი გაიზარდა. ნებისმიერი სხვა მმართველი დაიხურავდა ქუდს და სახლში წავიდოდა და ეს ურცხვად აცხადებს, რომ 2030 წლამდე აპირებს მართვას. ე. ი. კიდევ ორჯერ 6 წელი. თქვენ არ ვიცი, მზად ხართ თუ არა რომ ეს მოითმინოთ, მაგრამ ქვეყანა, საქართველო ვერ გაუძლებს და ძალიან სწრაფად გაქრება რუკიდან. ამიტომ ახლა, როგორც არასდროს, მოქმედების დროა. შემოდგომაზე ეს გაუგებრობა უნდა დავასრულოთ"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
19-12-2024
18-12-2024