გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
თურქული პრესა: საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე დამოუკიდებელ აფხაზეთს საქართველო თავს დაესხა

26-07-2018

თურქული გამოცემა, «Evrensel» აქვეყნებს სტატიას, რომელიც საქართველოს ძირძველ, ამჟამად დროებით ოკუპირებულ ტერიტორიას - აფხაზეთს ეხება.

სტატიის ავტორი არიფე საღირი საკმაოდ ვრცელ სტატიაში ფაქტების დამახინჯებით გადმოგვცემს საქართველოს ავტონომიურ რესპუბლიკაში განვითარებულ მოვლენებს.


ფაქტების გაყალბება განსაკუთრებით 1990-იანი წლების პერიოდის აღწერისას შეინიშნება.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას:


2018 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩები რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ჩატარდა. აფხაზეთი, რომელიც სოჭის „ფიშტის“ სტადიონიდან სულ რაღაც 5 წუთის სავალზეა, ამ ჩემპიონატში საერთაშორისო პოლიტიკის მსხვერპლი გახდა.


აფხაზეთი მსოფლიოს ერთ-ერთ თვალწარმტაც რეგიონს წარმოადგენს, რომელიც შავი ზღვის ნაპირზე მდებარეობს - თავისი მდიდარი, რამდენიმე ათასწლოვანი ისტორიით, ლამაზი ბუნებით და მაღალი კულტურით.


აფხაზეთი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ნებაყოფლობით შევიდა, ხოლო როცა საბჭოთა სახელმწიფოს დაშლის პროცესი დაიწყო, აფხაზეთი იმ რეგიონების რიცხვში იყო, რომლებმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება, ამტკიცებდა რა იმას, რომ აფხაზთა მიწა ქართველებს ეკუთვნითო, აფხაზეთს თავს დაესხა. თბილისს ამ ნაბიჯით სურდა კავკასიაში ძლიერი მოთამაშე გამხდარიყო.


აფხაზეთს პროფესიული არმია არ ჰყავდა, საქართველოს კი, რომლის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის სხვადასხვა სახეობის ჯარების შტაბები იყო დისლოცირებული, თავის განკარგულებაში ჰყავდა 20 ათასამდე პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურე და საბრძოლო მასალების მნიშვნელოვანი რაოდენობა. 1992 წელს დაწყებული ომი აფხაზურმა მხარემ მოიგო, რომელსაც არც თავისი არმია არ ჰყავდა, არ ჰქონდა საბრძოლო მასალები და რაც მთავარია, არავინ არ ეხმარებოდა. ომში აფხაზეთის გამარჯვების უზრუნველმყოფ ფაქტორებს შორის უნდა დავასახელოთ ის მოხალისეთა ძალები, რომლებიც ნებაყოფლობით ჩამოყალიბდა ანტიიმპერიალისტური იდეების მხარდამჭერების მიერ მთელ მსოფლიოში - თურქეთში, სირიაში, იორდანიაში და ევროპის მრავალ ქვეყანაში. მოხალისეთა შორის იყვნენ ჩერქეზები, ჩეჩნები, თურქული ხალხები ჩრდილოეთ კავკასიიდან, კერძოდ, ჩეჩნეთიდან, დაღესტნიდან, ადიღედან და ყაბარდო-ბალყარეთიდან.


დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთის მიერ


1993 წლის 30 სექტემბრის შემდეგ, როცა აფხაზეთმა ომში გამარჯვება გამოაცხადა, მისი დამოუკიდებლობა მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ უღიარებია. პირიქით, რესპუბლიკა ეკონომიკური და სამხედრო [ბლოკადის] ობიექტი გახდა, დაუწესდა ეკონომიკური ემბარგო, აიკრძალა საქონლის ექსპორტი და იმპორტი. საქართველოს ხელისუფლება, რომლის არმიამ ომის დროს აფხაზეთში დაბომბვებით უამრავი საავადმყოფო, სკოლები და სხვა შენობები დაანგრია, საერთაშორისო ზეწოლით ეკონომიკური ემბარგოს ამკაცრებდა.


მაგრამ აფხაზეთი არ ნებდებოდა, ბრძოლას განაგრძობდა და წინააღმდეგობას უწევდა გამოცხადებულ ბლოკადას. საქართველოს ხელისუფლება რეგულარულად კვლავ თავს ესხმოდა აფხაზეთს 1999 წელს, 2001-ში, 2008-ში... მაგრამ 2008 წელს, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, საქართველოს, რომელიც თავს დაესხა სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს, ბრძოლა უკვე რუსეთთან მოუწია. რუსულმა ტანკებმა, რომლებიც თითქმის თბილისთან მივიდნენ, აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთი ქართველებისაგან დაიცვეს. საქართველოსთან სამხედრო კონფლიქტის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ასე გაიღო მათთვის მსოფლიოში გასასვლელი კარი. რუსეთის შემდეგ აფხაზეთი აღიარეს ვენესუელამ, ნიკარაგუამ, ნაურუმ, ვანუატუმ და ტუვალუმ. ამ ცოტა ხნის წინათ ჩამოთვლილ სახელმწიფოებს სირიაც დაემატა - პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოფიციალურად აღიარა.


ქვეყანა, რომელიც საბჭოთა დროით ცხოვრობს


აფხაზეთი, ერთი მხრივ, მსოფლიოს ერთ-ერთი მშვენიერი კუთხეა, რომელიც თავისი ბუნებითა და კულტურითაა განთქმული, მეორე მხრივ კი, აქ დღემდე არსებობს საბჭოური არქიტექტურა, საბჭოური გამოცდილება, ისტორიული ძეგლები და ხელოვნება. ქვეყნის ბევრ ქალაქში შემორჩენილია ვლადიმერ ლენინის ძეგლები და მოზაიკები. ასევე არ შეცვლილან მოედნები, ადმინისტრაციული შენობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი... მაგრამ ქვეყანა, რომელსაც ისედაც ბევრი საკითხი აქვს მოსაგვარებელი, ამ ძეგლების მოვლა-პატრონობას ვერ ახერხებს.. ძალიან მწვავედ დგას მიტოვებული შენობა-ნაგებობების პრობლემა. ამ მიმართულებით დიდი ძალისხმევით მუშაობენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ქვეყნის მოსახლეობა.


სილამაზე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ შეამჩნიეს


„მუნდიალ-2018“-ის მოსამზადებლად რუსეთსა და აფხაზეთში დიდი სამუშაოები ჩატარდა - გაუქმდა ვიზები, რათა სოჭში ჩასულ გულშემატკივრებს აფხაზეთის მონახულების შესაძლებლობაც ჰქონოდათ. მაგრამ დასავლეთის ქვეყნებმა თავიანთი მოქალაქეები, ანუ ის გულშემატკივრები, რომლებიც ჩემპიონატის მატჩების საყურებლად რუსეთში წავიდნენ, გააფრთხილეს, რომ არ ჩასულიყვნენ კავკასიის ზოგიერთ რეგიონში, კერძოდ, აფხაზეთში.

და, რა თქმა უნდა, შეშინებულ უცხოელებს ეს ლამაზი რეგიონი არ მოუნახულებიათ - მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი სოჭიდან, სადაც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები იმართებოდა, სულ რაღაც 5 წუთის სავალზე მდებარეობს. ამის შედეგად აფხაზეთის სილამაზე კვლავ ჩრდილში დარჩა, ემბარგო კი გაგრძელდა. ამასთან, ზოგიერთმა უცხოელმა თავიანთი მთავრობების გაფრთხილება ყურად არ იღო, აფხაზეთს მაინც ეწვია და საკუთარი თვალით დაინახეს ამ ისტორიული რეგიონის მშვენიერება.



p.s. ქვეყნდება მცირე შემოკლებით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930