გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა

7-02-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა.
 
შეხვედრაზე სამინისტროს მიერ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები განიხილეს. ყურადღება დაეთმო „საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030"-ის იმპლემენტაციის დინამიკას.
 
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა მთავრობის მეთაურს მიაწოდეს ინფორმაცია ყველა იმ ძირითად პროგრამასა თუ პროექტზე, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში სამივე მიმართულებით განხორციელდება.
 
აღინიშნა, რომ  2023 წელს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება გაიზარდა და 431 მლნ-ით განისაზღვრა და ის განაწილდა ყველა მიმართულებაზე.
 
2023 წელს, უცხოეთში, საქართველოს სამი განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კულტურული პროექტის განხორციელების შესაძლებლობა ექნება: ნიკო ფიროსმანის გამოფენა დანიაში, ლუიზიანას მუზეუმში (გახსნა 4 მაისს); საქართველოსა და მისი მდიდარი კულტურის წარდგენა ბენელუქსის ქვეყნებში ფესტივალის „ევროპალია" ფარგლებში, სადაც ჩვენი ქვეყანა სტუმრის სტატუსით წარდგება (2023 წლის ოქტომბერი - 2024 წლის იანვარი). ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 30-მდე პროექტი სამუზეუმო, სახვითი, თანამედროვე ხელოვნების, თეატრის, კინოსა და ლიტერატურის მიმართულებით; ნიკო ფიროსმანის გამოფენა შვეიცარიაში, ბეილერის ფონდის ცნობილ მუზეუმში (გახსნა 16 სექტემბერს), სადაც წარმოდგენილი იქნება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის კოლექციებში დაცული, ფიროსმანის ორმოცდაათამდე ნამუშევარი. 
 
2023 წელს შეუფერხებლად გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული პროექტების ხელშეწყობა, ამ მიზნით უწყება წლის მანძილზე „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში" 40-მდე კონკურსს გამოაცხადებს და 500-მდე პროექტს დააფინანსებს.
 
2023 წელს სამინისტრო ხელს შეუწყობს: ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანებს საზღვარგარეთ განათლების მიღებისა თუ პროფესიული განვითარების მიზნით;
-                     ქართული შემოქმედებითი დასების, თეატრების, საკონცერტო ანსამბლების მონაწილეობას მნიშვნელოვან საერთაშორისო ფესტივალებსა და პროექტებში;
-                     სამუსიკო სასწავლებლების ინსტრუმენტებით აღჭურვას;
-                     ხელოვნებისა და ლიტერატურის სფეროში შემოქმედებითი კონკურსების, ფესტივალების, გამოფენების, კონცერტების, თეატრალური დადგმების განხორციელებას, მათ შორის, ბავშვებისა და მოზარდებისთვის;
-                     ქართული ლიტერატურის თარგმნას უცხოურ ენებზე;
-                     ქართული ლიტერატურის თარგმნას აფხაზურ და ოსურ ენებზე;
-                     იშვიათობად ქცეული წიგნების, სახელმძღვანელოების გამოცემას;
-                     რეგიონებში კულტურული ცხოვრების გააქტიურებას;
-                     ფოლკლორული ანსამბლებისთვის სასცენო სამოსის შეძენას;
-                     კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას, მათ შორის ციფრულ სივრცეში;
-                     ახალგაზრდულ შემოქმედებით ინიციატივებს;
-                     შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას;
-                     დაკარგული და მოთხოვნადი პროფესიების აღდგენას.
 
გარდა მასშტაბური პროგრამებისა და პროექტებისა, სამინისტრო ხელს შეუწყობს კულტურის სფეროში სხვადასხვა ორგანიზაციის, ფიზიკური პირების მონაწილეობას საზღვარგარეთ დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებებში.
 
შეხვედრაზე ისაუბრეს ზაფხულში „ბლექ სი არენაზე" მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტების გამართვასთან დაკავშირებით.
 
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ირაკლი ფარჯიანის საერთაშორისო ფონდთან თანამშრომლობით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში შეიქმნა და 2023 წელს გაიხსნება ამიერკავკასიაში პირველი ხელოვნების ნიმუშების ექსპერტიზის სახელმწიფო ლაბორატორია. გარემონტდა და შესაბამისი სტანდარტებით მოეწყო 542,2 კვ. მეტრი სივრცე ხელოვნების მუზეუმის მეორე კორპუსში. ამჟამად, აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების - ხელოვნებათმცოდნეების, ქიმიკოს-რესტავრატორებისა და რადიოლოგების ტრენინგი, რომელთაც მოუწევთ აღნიშნულ აპარატურასთან მუშაობა, საექსპერტო პროცესში ჩართვა (ექსპერტიზის პროცესის მართვა, ქიმიური და ტექნოლოგიური კვლევის ჩატარება) და შესაბამისი დასკვნების მომზადება.
 
ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას აღინიშნა, რომ დაგეგმილია  მთელი ქვეყნის მასშტაბით 50-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და სხვა შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის პროექტირება ან/და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება. მათ შორისაა, გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული ხარვეზების აღმოფხვრაზე მუშაობის გაგრძელება იუნესკოს რეკომენდაციების შესაბამისად, რომლებიც მიმდინარე წლის 10 თებერვლიდან უნდა გამოქვეყნდეს; ჯვრის ტაძარში არსებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით საპროექტო სამუშაოების გადაუდებელი წესით წარმოება; გერგეტის სამებაში გადახურვისა და სხვა ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოები; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის კულტურის სახლის რეაბილიტაცია; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის კულტურის სახლის რეაბილიტაცია; ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეაბილიტაცია (მიმდინარე წელს 4 მილიონი ლარი დაიხარჯება, ხოლო მომდევო წელს - 8 მილიონი. სამუშაოები 2025 წლისთვის დასრულდება); შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის 1980-იან წლებში აგებული კორპუსის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოების დასრულება 2023 წელს; ზესტაფონის, ჭიათურის, ფოთისა და სხვა რეგიონული თეატრების რეაბილიტაციის მიზნით საპროექტო სამუშაოები, ფოთის მუზეუმში არსებული რთული ვითარების აღმოსაფხვრელად გადაუდებელი სამუშაოები; ნიჭიერთა ათწლედის შენობის რეაბილიტაცია; ანსამბლ „ერისიონის" ახალი შენობის რეკონსტრუქციის დასრულება 2023 წელს; სტუდია „ქართული ფილმის" ტერიტორიაზე სახელოვნებო ქალაქის მოწყობის სამუშაოების გაგრძელება; ალტერნატიული შემოქმედებითი სივრცეების მოწყობა, და სხვ.
 
ყურადღება გამახვილდა  სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებში დაგეგმილ სასწავლო რეფორმაზე, რომლის ფარგლებში იგეგმება  „სახელოვნებო განათლების შესახებ" კანონის მიღება და სახელოვნებო განათლების რეფორმის პროექტის შემუშავება-დამტკიცება.  გარდა უმაღლესი სასწავლებლებისა, რეფორმის შედეგად ასევე მოსალოდნელია სახელოვნებო სასწავლებლების პედაგოგთა სტატუსის განსაზღვრა და გათანაბრება ზოგადი სკოლის მასწავლებლის სტატუსთან.
 
მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია ლევილის მამულის რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე. 
 
აღინიშნა, რომ კულტურის სამინისტრო აქტიურად მუშაობს მუზეუმების განვითარებაზე.
·                     2023 წელს გაგრძელდება სამუზეუმო ფონდების შევსება. პროცესი 30- წლიანი წყვეტის შემდეგ კულტურის სამინისტროს ინიციატივით, 2021 წელს განახლდა.
·                     დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, 2023 წლისთვის დაგეგმილია რვა გამოფენა;
·                     სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში 2023 წელს სამი თვის განმავლობაში მოეწყობა ხელოვნების მუზეუმისათვის შარშან შეძენილი ახალი კოლექციების ექსპოზიცია;
·                     იგეგმება ეთნოგრაფიულ მუზეუმში არსებული ოდასახლების რესტავრაციისა და რეაბილიტაციის მასშტაბური საპროექტო სამუშაოები;
·                     სვანეთიდან ეთნოგრაფიულ მუზეუმში 2022 წლის ოქტომბერში  გადმოტანილი რამდენიმე საუკუნის სვანური მაჩუბის რესტავრაცია და სვანური კოშკის გვერდით განთავსება;
·                     გიორგი ჩიტაიას გენგეგმით გათვალისწინებული ეთნოგრაფიული მუზეუმის მთიანი ზონის მშენებლობის პროცესის გაგრძელება; საქართველოს მთიანეთში შესაბამისი სახლების, კოშკების მოძიება და მუზეუმში გადმოტანა;
 
სპორტის მიმართულებით აღინიშნა, რომ შესაბამისი სპორტული ფედერაციის მიერ სამზადისი დასრულებულია და 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, დაბა ბაკურიანი უმასპინძლებს სნოუბორდის, ფრისტაილისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიებაა ზამთრის სპორტის სახეობებში. ჩემპიონატში მონაწილეობის მიღების მიზნით, მთელი მსოფლიოდან 1000-მდე სპორტსმენი დარეგისტრირდა. ჩემპიონატში 5 ქართველი მიიღებს მონაწილეობას: რევაზ ნაზღაიძე; ნიკა ელოშვილი; ლუკა ჩოფიკაშვილი; დავით თედიაშვილი; ბექა ბერძენიშვილი.
 
2023 წელს საქართველო რუმინეთთან ერთად, მასპინძლობს 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში. ინსფრასტრუქტურის განვითარების ნაწილში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და სპორტს სამინისტრო თანამშრომლობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან.
 
საუბარი შეეხო სპორტული ფედერაციების ხელშეწყობის საკითხს, რისთვისაც, პრემიერ-მინისტრის ხელშეწყობით, 2023 წლის ბიუჯეტის გაზრდა მოხერხდა; სპორტულ კლუბებთან უშუალო თანამშრომლობას მასობრივი სპორტის განვითარების მიზნით, რისთვისაც, სპორტის სამინისტროს მიერ საპილოტედ შერჩეულია ცურვის მიმართულება; საერთაშორისო ასპარეზობებსა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტს.
 
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სპორტის უნივერსიტეტის შენობის რეკონსტრუქციის პროექტსა და შესაბამისი სამუშაოების მიმდინარეობაზე. აღინიშნა, რომ პროექტის წარმატების შემთხვევაში, საქართველოს სპორტის უნივერსიტეტისათვის თანამედროვე სტანდარტის შენობა 2025 წლისთვის ექნება.
 
ახალგაზრდობის მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე საუბრისას, აღინიშნა, რომ 2023 წელს გაგრძელდება საბანაკე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. შესაბამისად, ბანაკები მიიღებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მიერ დამტკიცებული „სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026" - ის იმპლემენტაციის საკითხს და მისი 2023 წლის სამოქმედო გეგმას.
  
სამუშაო თათბირზე ასევე განიხილეს ახალი პროექტები და ინიციატივები. ირაკლი ღარიბაშვილმა კულტურის მინისტრსა და მოადგილეებს ახალი დავალებები მისცა.
 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930