8-02-2023
„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Akerman LLP-ის საქმიანობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, საიდანაც ირკვევა, რომ ლობისტურმა ჯგუფმა სამედიცინო ექსპერტებს დასკვნების სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაუხადა.
„კანონი FARA, რომლის ანალოგის საკანონმდებლო ინიცირებას აპირებს "ხალხის ძალა", თურმე სააკაშვილის მიმართ "ზეციური მანანის" ტოლფასი აღმოჩნდა, მაშინ როდესაც მის მომხრეებს საქართველოში ეს თემა საქილიკოდაც არ ჰყოფნით. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი დეტალი“ - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, Akerman-ი ლობირებს ამერიკელ სამთავრობო ჩინოვნიკებს, ყოფილი პრეზიდენტის ციხიდან გათავისუფლების მიზნით, ხოლო ამ მისიის შესასრულებლად, საერთო კონტრაქტის ღირებულება 917 000 აშშ დოლარს შეადგენს.
როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, შეკითხვა, თუ საიდან იხდის მილიონამდე დოლარს "შიმშილის პირას მყოფი, გაღატაკებული სააკაშვილი ციხიდან თავის დახსნაში“, მხოლოდ რიტორიკულ ხასიათს ატარებს.
„Reuters-ს მიერ გამოქვეყნებული მასალების თანახმად ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს ფედერალური კანონის FARA-ს ფარგლებში ქვეყნის იუსტიციის სამინისტროში დარეგისტრირდა "უცხოელ პრინციპალად", რამაც ამერიკულ იურიდიულ ფირმა Akerman-ს მასთან ძალიან საინტერესო კონტრაქტის გაფორმების საშუალება მისცა. კანონი FARA, რომლის ანალოგის საკანონმდებლო ინიცირებას აპირებს "ხალხის ძალა", თურმე სააკაშვილის მიმართ "ზეციური მანანის" ტოლფასი აღმოჩნდა, მაშინ როდესაც მის მომხრეებს საქართველოში ეს თემა საქილიკოდაც არ ჰყოფნით. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი დეტალი.
დეტალი მეორე და არანაკლებად საინტერესო: Akerman-ი ლობირებს ამერიკელ სამთავრობო ჩინოვნიკებს, მათი დახმარებით სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მიზნით. ამ მისიის შესასრულებლად კონტრაქტის საერთო ღირებულება შეადგენს 917 ათას აშშ დოლარს (!), ხოლო მისი ადვოკატის მასიმო დანჯელოს ანაზღაურება - საათობრივია და შეადგენს 850$/საათში. "შიმშილის" პირას მყოფი, გაღატაკებული სააკაშვილი ციხიდან თავის დახსნაში უპრობლემოდ იხდის მილიონამდე დოლარს! შეკითხვა - საიდან, რიტორიკულ კატეგორიას მივაკუთვნოთ. აქ ეს შეკითხვა არც არის საკვანძო - ვთქვათ, და არა სააკაშვილი იხდის, არამედ მის გამოხსნაში კრებსითი "აგენტოკრატების" ფინანსური ძალისხმევაა ჩართული.
ეს პირდაპირ ამტკიცებს ჩვენს არაერთ ვარაუდს - რომ უამრავ საერთაშორისო დანაშაულის პოტენციური თანამონაწილე ან "სახიფათო" ინფორმაციის მატარებელი, ფსიქოლოგიური "გატეხვის" ზღვრამდე მისული სააკაშვილი (რომელმაც შეიძლება უხერხული ლაპარაკი დაიწყოს) - სასწრაფოდ გადასაყვანია აგენტოკრატების კონტროლირებად ტერიტორიაზე.
და ამ მისიის შესასრულებლად მასიმო დანჯელო აქტიურად თანამშრომლობს ამერიკისა და ევროპის სამთავრობო ჩინოვნიკებთან, რათა სააკაშვილის დაპატიმრების გამო საქართველოს ხელისუფლებას დაუწესონ სანქციები, ეკონომიკური ჯარიმები, შეუჩერონ საერთაშორისო დაფინანსება და მიმდინარე ეკონომიკური პროექტები.
"ვფიქრობ, რომ სააკაშვილის ციხეში სიკვდილი გამოიწვევს საქართველოს მიმართ პოლიტიკურ პოზიციაში ნამდვილ გარღვევას," - აცხადებს დანჯელო. ამ ერთი ჯალათის და კრიმინალის გამოსახსნელად, აგენტოკრატების მიერ უკვე ღიად არიან ჩართულები დასავლეთის სამთავრობო პირები, რომლებიც კოლოსალური თანხის სანაცვლოდ მზად არიან საქართველოს, მისი ხელისუფლების, მისი მოსახლეობის მატერიალურ-ეკონომიკური კეთილდღეობა ამ ერთადერთი მიზნის განხორციელებას შესწირონ. დამოუკიდებელი და ძლიერი საქართველო, თუ პატიმარი სააკაშვილი - საერთაშორისო აგენტოკრატების ფსონი აშკარად ამ უკანასკნელზეა გაკეთებული!“ - წერს დავით ქართველიშვილი.
16-11-2024
16-11-2024