9-02-2023
სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრი) და შვედეთის ფინანსური მართვის ნაციონალური სააგენტოს (ESV) ორგანიზებით, გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: მენეჯერული ანგარიშვალდებულება საჯარო სამსახურში - აზროვნების ცვლილება.
კონფერენცია გახსნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ. მისასალმებელი სიტყვით დამსწრეებს მიმართა შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომმა.
პრეზენტაცია წარადგინეს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა, გიული ჭკუასელმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, შვედეთის ფინანსური მართვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, პიტერ კვისტმა და OECD/SIGMA-ს წარმომადგენელმა, ალისტერ სვორბრიკმა და მოწვეულმა სტუმრებმა.
შეხვედრას დაესწრნენ პროექტში ჩართული 6 პილოტური სამინისტროს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის კოორდინატორები-მინისტრის მოადგილეები და საჯარო სამსახურისთვის ახალი მიმართულების სპეციალისტები - რისკის ოფიცრები, რომლებიც თამაშობენ ძირითად როლს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის სრულყოფის მიმართულებით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტების მერები.
ღონისძიება მიეძღვნა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს - საჯარო ფინანსების მართვის ერთ-ერთ კომპონენტს - ფინანსური მართვისა და კონტროლის რეფორმას.სახელმწიფო სექტორში შიდა კონტროლის სისტემის განვითარება საქართველოს მთავრობის, შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
საქართველოს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის სტრუქტურა სრულად შეესაბამება ევროკომისიის მიერ ევროკავშირის წევრი და წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის შემუშავებულ მოდელს და შედგება სამი ელემენტისგან:
მართვა და მმართველობითი სისტემები - ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემა;
დამოუკიდებელი და ობიექტური მარწმუნებელი საქმიანობა სისტემების შეფასებისთვის - შიდა აუდიტი;
ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის და შიდა აუდიტის ჰარმონიზაციისა და კოორდინაციის ერთეული - ჰარმონიზაციის ცენტრი.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან, შვედეთის საელჩოსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით, ჰარმონიზაციის ცენტრსა და შვედ კოლეგებს შორის დაიწყო თანამშრომლობა ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის განვითარების მიმართულებით. ასევე, ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა შვედეთის ფინანსური მართვის ეროვნული უწყებისა (ESV) და ქართველი კოლეგების ჩართულობით.
16-11-2024
16-11-2024