გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გენადი არველაძე: აქტიურად ვმუშაობთ DCFTA-ის მოთხოვნების შესაბამისი ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ევროპული სტანდარტების დანერგვაზე

10-02-2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ დღეს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA)" შეთანხმების 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში და 2023 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო.


„საქართველოს განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე უმნიშვნელოვანესი ეტაპია ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ დააჩქარა ქვეყნის ევროპულ ოჯახში გაერთიანების პროცესი და კიდევ მეტი მნიშვნელობა შესძინა ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის ვალდებულებების განხორციელების პროცესს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ამ პროცესის მაქსიმალური ხელშეწყობისაკენ, რაც აისახა 2 თებერვალს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ ანგარიშში, რომლის თანახმად, საქართველო საკმაოდ პოზიტიურად არის შეფასებული, მათ შორის DCFTA-ით გათვალისწინებულ მიმართულებებში.


„მოხარული ვარ, გაგიზიაროთ, რომ ევროკომისიამ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ DCFTA-ით აღებული ვალდებულებების განხორციელების პროგრესს და მზაობა გამოხატა ამ პროცესში საქართველოს დახმარების გაგრძელების თაობაზე", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


გენადი არველაძემ დეპუტატებს სხვადასხვა სექტორთან დაკავშირებული კონკრეტული მაჩვენებლები და სტატისტიკა გააცნო. მისი ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან გაიზარდა 29%-ით, 3 912 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 21% შეადგინა. მათ შორის იმპორტი ევროკავშირიდან 32%-ით გაიზარდა და 3 049 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში საქართველოდან ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე 20%-ით გაიზარდა და 863 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მონაცემებით ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 2014 წელთან შედარებით 71%-ით გაიზარდა და 961 შეადგინა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის 2021 წლის 29 აპრილიდან ოფიციალურად ამოქმედდა ე.წ. „დიაგონალური კუმულაცია", რომლითაც თურქული ნედლეულით საქართველოში დამზადებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით იქნება შესაძლებელი.


ამასთან, მინისტრის მოადგილის განცხადებით, მთავრობა ახორციელებს რიგ მნიშვნელოვან რეფორმებს, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიმართულებით, ასევე სხვადასხვა ინსტრუმენტებს კერძო სექტორის, მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით, მათ შორის პროგრამის „აწარმოე საქართველოში" მეშვეობით, რომლის ფარგლებშიც 2022 წელს 430 ხელშეკრულება გაფორმდა. ასევე გრძელდება ექსპორტზე ორიენტირებული ქართული კომპანიების საერთაშორისო ღონისძიებებსა და გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობა.


გენადი არველაძის თქმით, უწყება ასევე აქტიურად მუშაობს DCFTA-ის მოთხოვნების შესაბამისი ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების და სხვადასხვა მიმართულებით ევროპული სტანდარტების დანერგვის მიზნით.


„ნიშანდობლივია, რომ ქართული კომპანიებისთვის გაიხსნა ევროკავშირის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ საქონლის შესყიდვების ბაზარი, რის შედეგადაც, საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ ბიზნესს უფლება ექნება მიიღოს მონაწილეობა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში და ამ ბაზარზე გაუწიონ ღია და სამართლიანი კონკურენცია მსოფლიოს სხვა მიმწოდებლებს", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930