16-02-2023
სკანდინავიის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ფინეთის წამყვანი ტურისტული კომპანიებისთვის ინფოტური გამართა.
ტური ავიაკომპანია “Air Baltic”-ისმხარდაჭერით მოეწყო. ფინეთის წამყვანი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 9 ფინელი ტუროპერატორი ქართველ კოლეგას შეხვდა. B2B ფორმატის შეხვედრაზე საქართველოში ფინეთიდან ტურების ორგანიზებისა და ტურისტული ნაკადების გაზრდის საკითხები განიხილეს. ფინელი ტუროპერატორები განსაკუთრებით დაინტერესდნენ გასტრონომიული და ღვინის ტურიზმით.
„ შეხვედრა ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ არის ორგანიზებული. ბოლო პერიოდში გახშირდა მსგავსი ტიპის შეხვედრები, რაც ძალიან კარგია ტურისტული კომპანიებისთვის. გაჩნდა ახალი შესაძლებლობები გავიდეთ ისეთ ბაზრებზე, რომელიც ნაკლებადაა ათვისებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენთან არიან ფინელი ტუროპერატორები. ეს ბაზარი ძალიან პერსპექტიულია და ძალიან ბევრ ტურისტს შემოიყვანს. ეს არის მაღალბიუჯეტური, მაღალმხარჯველიანი ტურისტული ბაზარი“,-განაცხადა კომპანია BB TRAVEL-ის დირექტორმა ალექსანდრე გიორგიძემ.
„ჩვენი მიზანია კარგად გავიცნოთ საქართველო, რომ სამომავლოდ დავგეგმოთ ტურები. ჩემი კომპანია განსაკუთრებით დაინტერესებულია ღვინის ტურიზმით. საქართველოს ღვინის წარმოების დიდი ისტორია აქვს, რაც ძალიან საინტერესო ტურისტულ მიმართულებად აქცევს. როგორც იცით ბოლო წლებში პანდემიის გამო შეზღუდული იყო ტურიზმი მთელ მსოფლიოში, თუმცა უკვე დიდი იმედი გვაქვს, რომ დავიწყებთ ტურებს საქართველოში და ვითანამშრომლებთ კომპანიებთან“,-ამბობს ფინური კომპანია Traveller Oy-ის წარმომადგენელი ემილია მარინ ტულიაჰო.