17-02-2023
სამწუხაროდ, ჩვენი კანონპროექტი არც რადიკალურმა ოპოზიციამ და, როგორც ვატყობთ, არც ჩვენმა პარტნიორებმა არ წაიკითხეს, - აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი. ჟურნალისტებთან საუბრისას, მან ერთმანეთს „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტი და აშშ-ში მოქმედი კანონი შეადარა.
„ჩვენ დავაინიცირეთ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლის ძირითად ბაზად ავიღეთ აშშ-ის კანონმდებლობა. ამწუხაროდ, ჩვენი კანონპროექტი არც რადიკალურმა ოპოზიციამ და, როგორც ვატყობთ, არც ჩვენმა პარტნიორებმა არ წაიკითხეს და ზედაპირულად გააკეთეს განცხადებები, თითქოს ეს ე.წ. რუსული კანონპროექტია. მაგ., რეესტრში რეგისტრაციის გაუვლელობა ჩვენთან მხოლოდ დაჯარიმებას ითვალისწინებს, აშშ-ში კი 5 წლამდე პატიმრობას. ამავე დროს, ჩვენ მიერი მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, მხოლოდ არასამეწარმეო იურიდიული პირები და მედია უნდა დარეგისტრირდეს, აშშ-ში კი ფიზიკური, იურიდიული და ნებისმიერი სახის პირი და ა.შ. აშშ-ში ვისთვისაც გამარჯობა უთქვამს ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, ყველას გარიგება უნდა დაარეგისტრიროს რეესტრში.
ჩვენ მხოლოდ სამი ფორმა არის შესავსები, - საიდან ფინანსდება, რამდენით და რას საქმიანობს. თუ აშშ-ის კანონმდებლობის ბაზაზე შემუშავებული ჩვენი კანონპროექტი ეჭვებს აჩენს, ვფიქრობთ, ერთი ერთში დავაკოპიროთ ამერიკული კანონი, რომელიც უფრო მკაცრია, და ასე დავაინიციროთ - ამის მერეც თუ იქნება განცხადება, რომ ის რუსული კანონპროექტია, გამოდის, თავად აშშ-ს ჰქონია რუსული კანონი“, -განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.