19-02-2023
თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის წარდგინებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით ნინო ფარცვანია ახალი ვადით აირჩიეს ინსტიტუტის დირექტორად.
თსუ მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ნინო ფარცვანიამ სწავლა განაგრძო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში და მოიპოვა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა დიფერენციალურ განტოლებათა თვისებრივი თეორია (ოსცილაციის თეორია, სასაზღვრო ამოცანები). ამ მიმართულებით მას გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი მაღალრეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. მას მონაწილება აქვს მიღებული 60-ზე მეტ საერთაშორისო თუ ადგილობრივ სამეცნიერო ფორუმში. იგი არის ორგანიზატორი საერთაშორისო სამეცნიერო ვორკშოპისა დიფერენციალურ განტოლებათა თვისებრივ თეორიაში, რომელიც 2011 წლიდან ყოველწლიურად ტარდება თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში. მიღებული აქვს 10-ზე მეტი სამეცნიერო გრანტი როგორც უცხოური ორგანიზაციებიდან, ისე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან. ნინო ფარცვანია არის საერთაშორისო ჟურნალის “Memoirs on Differential Equations and Mathematical Physics” ასოცირებული რედაქტორი, საერთაშორისო ჟურნალის “Miskolc Mathematical Notes” (უნგრეთი) პასუხისმგებელი რედაქტორი, ასევე იგი იყო საერთაშორისო ჟურნალების “Mathematics” და “Complexity” სპეციალური ტომების მოწვეული რედაქტორი.
თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი აწარმოებს ფუნდამენტურ კვლევებს მათემატიკაში, მექანიკასა და თეორიულ ფიზიკაში. ინსტიტუტი გამოსცემს სამ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალს: „საქართველოს მათემატიკური ჟურნალი“ (გამოდის 1994 წლიდან, გამოსცემს DE GRUYITER, 2008 წლიდან აქვს იმფაქტ-ფაქტორი), „მემუარები დიფერენციალურ განტოლებებსა და მათემატიკურ ფიზიკაში“ (გამოდის 1994 წლიდან, განთავსებულია SCOPUS-ის ბაზაში) და „ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის შრომები“ (გამოდის 1937 წლიდან, განთავსებულია SCOPUS-ისბაზაში).
ინსტიტუტის თანამშრომლებს მჭიდრო სამეცნიერო კონტაქტები აქვთ აშშ-ის, იაპონიისა და დასავლეთ ევროპის 30-ზე მეტ სამეცნიერო ცენტრთან.
16-11-2024
16-11-2024