28-07-2018
ბრიტანული გამოცემ, «The New European» -ი ჯეიმს როჯერსის ავტორობით სტატიას აქვეყნებს, რომელიც 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომს ეხება.
სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება რუსეთისთვის წითელი ხაზის გადაკვეთა იქნებოდა.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:
"იმ დროს საქართველოს მიზანს ნატოში გაწევრიანება წარმოადგენდა. ჩრდილოელი მეზობლისათვის - რუსეთისათვის კი საქართველოს სწრაფვა ალიანსისაკენ ერთგვარი წითელი ხაზის გადაკვეთის მცდელობას ნიშნავდა. დასავლელი პოლიტიკოსები კი მოსკოვის მიერ გამოხატულ შეშფოთებას ყურადღებას არ აქცევდნენ და ნატოს ბლოკის აღმოსავლეთით გაფართოების კურსს აგრძელებდნენ, რომელიც „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ დაიწყო. ნატოში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიც გაწევრიანდნენ. რუსეთი თავს ალყაში გრძნობდა. 2008 წელს კი რუსეთი ომში იმიტომ ჩაება, რომ ნატოს [აღმოსავლეთით] გაფართოების პროცესი შეეჩერებინა. იმ პერიოდში რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი იყო, თუმცა ქვეყნის ნამდვილი ლიდერის, უზენაესი ხელმძღვანელის როლს მაინც ვლადიმერ პუტინი ასრულებდა, რომელმაც პრემიერ-მინისტრის პოსტი სამი თვით ადრე დაიკავა.
საქართველოს არმიის შეტევა ცხინვალზე თავდაპირველად წარმატებული იყო, მაგრამ რუსეთის სწრაფმა ჩარევამ გამანადგურებელი ეფექტი გამოიღო. ქართული ჯარისკაცები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ და პოზიციები რუსეთის არმიის ქვედანაყოფებისათვის დაეთმოთ. იყო ისეთი ვარაუდებიც, რომ მოსკოვის ჯარებს შეეძლოთ თბილისის მთლიანად დაკავება და მიხეილ სააკაშვილის დამხობა.
დღეს, სამხრეთ ოსეთში მომხდარი ომიდან ათი წლის შემდეგ, საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა პრაქტიკულად არ არსებობს. ვერცერთი იმ ორი ქვეყნიდან (საქართველო და უკრაინა), რომლებსაც იმ დროს ალიანსში გაწევრიანება აღუთქვეს, რუსეთის „წყალობით“, თავიანთ ტერიტორიას სრულად ვერ აკონტროლებს.
ევროკავშირში კი რუსეთს „თაყვანისმცემლები“ ჰყავს: მაგალითად, იტალიის ახალი მთავრობის სახით, რომლის ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინმა ამ ცოტა ხნის წინათ ვლადიმერ პუტინის მოქმედება ასე შეაფასა: „ვფიქრობ, რუსეთის პრეზიდენტი ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებს საკუთარი ხალხისათვის“-წერს ავტორი.