22-02-2023
დუბაიში მიმდინარე სასმელი და საკვები პროდუქციის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე, საქართველო ისტორიულად ყველაზე დიდი და შთამბეჭდავი სტენდით არის წარმოდგენილი, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით 25 ქართული კომპანია სასმელი და საკვები პროდუქციის ყველაზე მასშტაბურ გამოფენაში Gulfood 𝟐𝟎𝟐𝟑 მონაწილეობს.
„გამოფენაში მონაწილეობას წინ უძღოდა საკმაოდ ხანგრძლივი და აქტიური მოლაპარაკებები, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა საქართველოსთვის გამოყოფილი სივრცის მნიშვნელოვნად გაფართოება, რამაც გამოფენაზე მონაწილე კომპანიების რიცხვის საგრძნობლად ზრდა განაპირობა", - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.
Gulfood 2023 ტრადიციულად დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმართება და ყოველწლიურად საშუალოდ 100 000 ვიზიტორს მასპინძლობს.
გამოფენაზე ქართული დელეგაცია პროდუქტების საკმაოდ მრავალფეროვანი ჯგუფით არის წარმოდგენილი. კერძოდ, საქართველოს სტენდებზე წარმოდგენილია: თხილისა და თხილის პროდუქტების, კაკლის, ნუშის, ხილისა და ბოსტნეულის ნატურალური წვენების, ცოცხალი გადამამუშავებელი ხილისა და ბოსტნეულის მრავალფეროვანი პროდუქტების, ცოცხალი ცხვრისა და ახალი ცხვრის ხორცის, სხვადასხვა კონსერვირებული ხორცპროდუქტების, თაფლისა და ა.შ მწარმოებელი კომპანიები.
ამასთან, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, შემუშავდა საქართველოს პავილიონის სტენდის დიზაინი. ამასთან, ქართული კომპანიები B2B შეხვედრებს გამართავენ საერთაშორისო კონსულტანტის მიერ შერჩეულ შემსყიდველებთან.