გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

28-02-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, მონაწილეებს სიტყვით მიმართა და განათლების ყველა საფეხურზე ხარისხის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

მიხეილ ჩხენკელი: „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული დღევანდელი კონფერენცია განათლების სისტემის გაძლიერებისაკენ მიმართული მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ამგვარი ღონისძიებები ცალსახად უწყობს ხელს განათლების სისტემაში ჩართულ მხარეთა შორის მუდმივ დიალოგს, იდეებისა და გამოცდილების გაზიარებასა და არსებული გამოწვევების დასაძლევად ეროვნულ ინტერესებზე მორგებული მოდელებისა და საუკეთესო პრაქტიკების შემუშავებასა და დანერგვას.

 

კონფერენციის პროგრამა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: უნივერსიტეტების მესამე მისია, სამეცნიერო კვლევების განვითარება, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია, სკოლამდელ, ზოგად და პროფესიულ განათლებაში არსებული სიახლეები და დაგეგმილი აქტივობები.

 

მისასალმებელია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივა, რომ 2023 წლიდან განათლების ყველა საფეხურზე კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიექცეს განათლების ხარისხის განვითარებასა და გაუმჯობესებას. როგორც მოგეხსენებათ, 2022 წლიდან დაიწყო კლასტერული აკრედიტაცია, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ კალენდარული წლის განმავლობაში შეფასდეს წინასწარ განსაზღვრულ სწავლის სფეროებში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები. 2022 წლიდან საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით დაიწყო ყველა რეგულირებადი და სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება. ამასთან, 2023 წლიდან ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა შეფასდება საერთაშორისო ექსპერტების თავმჯდომარეობით. საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების პროცესში კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ინტერნაციონალიზაციასა და უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების ხარისხის ამაღლებას.“

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უმაღლესი განათლების კუთხით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს სადოქტორო პროგრამების ხარისხის განვითარება და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, რის წინაპირობასაც ქმნის ინტერნაციონალიზაცია, ანუ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და გაზიარება. მიხეილ ჩხენკელის თქმით, ამ მიმართულებით დღეს არაერთი ქმედითი ნაბიჯი იდგმება და განათლების სფეროში სხვადასხვა მასშტაბური და საინტერესო პროექტი ხორციელდება, აღნიშნულ პროცესში კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ყველა ის ინიციატივა, რომელიც განათლების ხარისხის განვითარებისაკენ არის მიმართული.

 

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება. მან განსაკუთრებით გამოყო ცენტრის მიერ ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობის მოპოვება, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აღიარება და ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრაცია და აღნიშნა, რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია არა მხოლოდ ცენტრისთვის, არამედ მთლიანად განათლების სისტემისთვის.

 

მიხეილ ჩხენკელმა კონფერენციაში მონაწილეობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა WFME-ის, ENQA-ს, EQAR-ის, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის, ევროპის სტუდენტთა გაერთიანების (ESU) წარმომადგენლებს და სხვა მოწვეულ სტუმრებს.

 

სიტყვით გამოსვლის დასასრულს მინისტრმა საქართველოში ENQA-ს წევრების ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმის ჩატარების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. მისი თქმით, აღნიშნულ ფორუმს 2023 წელს, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით, სწორედ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმასპინძლებს, რაც მართლაც მნიშვნელოვანი მიღწევაა ქვეყნის ცნობადობის, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციის კუთხით.

 

ღონისძიების ფარგლებში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2022 წლის საქმიანობა შეაჯამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა. 

კონფერენციაზე, რომელიც დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა, განიხილეს სკოლამდელი და ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მნიშვნელოვანი საკითხები, არსებული მიღწევები და გამოწვევები განათლების ხარისხის უზრუნველყოფის კონტექსტში.

 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA), ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის (EQAR), სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME), ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA), ევროპის სტუდენტთა ასოციაციის (ESU) წარმომადგენლებმა და საერთაშორისო ექსპერტებმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სკოლების, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების, ასევე პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა, აკრედიტაციის, ავტორიზაციისა და სააპელაციო საბჭოების წევრებმა და ექსპერტებმა, სტუდენტებმა, დამსაქმებლებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930