2-03-2023
„საქართველოს აკვაკულტურის განვითარების ეროვნულისტრატეგიის” საჯარო დისკუსიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი დაესწრო.
შეხვედრის მიზანს დაინტერესებული მხარეებისთვის აკვაკულტურის სტრატეგიის წარდგენა და დოკუმენტის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბებამდე, მათთან კონსულტაციების გავლა წარმოადგენდა. აღსანიშნავია, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა, რომლებმაც, გამოცდილების გაზიარებითა და დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით, დოკუმენტის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
„ჩვენ დავიწყეთ მუშაობა აკვაკულტურის სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე, სადაც მოხდა დეტალური ანალიზი, თუ რა გამოწვევები აქვს სექტორს, რა მიმართულებებით გვაქვს ინტენსიურად სამუშაო კერძო სექტორის და ასოციაციების ჩართულობით და სად შეიძლება იყოს საჭირო სახელმწიფოს თანამონაწილეობა, როგორ შეიძლება სახელმწიფომ მხარი დაუჭიროს სექტორის შემდგომ განვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს ევროკავშირის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენი მთავარი პარტნიორია, განსაკუთრებით, როდესაც ვსაუბრობთ სურსათის უვნებლობის და სოფლის განვითარების კომპონენტზე. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ევროკავშირი გვეხმარება აკვაკულტურის სექტორის განვითარების მიმართულებით“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.
საჯარო დისკუსია ევროკავშირის მიერ მხარდაჭრილი პროექტის ENPARD IV ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსადა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ჩართულობით გაიმართა.
„საქართველოს აკვაკულტურის სექტორს ნამდვილად აქვს მეტი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნისა და რეალიზების პოტენციალი. მოხარული ვარ, რომ სტრატეგიის განვითარების მხრივ საბოლოო ნაბიჯს ვდგამთ. ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის აღსრულებით, საქართველო საკუთარი პოტენციალის გამოყენებას და, შესაბამისად, აკვაკულტურის ტრანსოფრმაციას შეძლებს, რაც სოფლებში ეკონომიკური განვითარების ახალ გზებს შექმნის და ფოკუსირებული იქნება ინკლუზიურობასა და გარემოსა და სოციალურ მდგრადობაზე“, - განაცხადა FAO-ს პროგრამის კოორდინატორმა, ხავიერ სანს ალვარესმა.
შეხვედრის მონაწილეებმა, სამუშაო პროცესის დროს, საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები გამოთქვეს, რომელიც საბოლოო დოკუმენტში იქნება გათვალისწინებული.
16-11-2024
16-11-2024