გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილმა ITB Berlin-ის ფარგლებში საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა

6-03-2023

„საქართველოსთვის უდიდესი პატივია ITB Berlin 2023-ზე ოფიციალური მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგომა. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა, , რომ ტურიზმი ნამდვილად არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მსურს სიამაყით აღვნიშნო, რომ ამ მნიშვნელოვანი სტატუსის მოპოვება შესაძლებელი გახდა საჯარო და კერძო სექტორების მაქსიმალურად ეფექტიანი თანამშრომლობით, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში ძლიერი ტურისტული ინდუსტრიის არსებობის დასტურია" - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც მსოფლიოს უმსხვილესი ტურისტული გამოფენის - „აითიბი ბერლინის" ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე ჩატარდა.


ვიცე-პრემიერთან ერთად პრესკონფერენციაში მონაწილეობდნენ Messe Berlin-ის მმართველი დირექტორი დირკ ჰოფმანი, კვლევისა და პროდუქტის სტრატეგია Phocuswright-ის დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტი ჩარუტა ფადინსი, გერმანიის ტურისტული ასოციაციის (DRV) პრეზიდენტი ნორბერტ ფეიბირგი და როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლები.


ლევან დავითაშვილმა პრესკონფერენციაზე მოწვეულ საერთაშორისო მედიის 200-მდე წარმომადგენელს საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა, სადაც მიმოხილული იყო ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი მიღწევები ტურიზმის, ეკონომიკური პოლიტიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში.


„ევროპასა და აზიას შორის მდებარე საქართველო შეუფერხებლად აერთიანებს სხვადასხვა კულტურის ასპექტებს და ამავე დროს ინარჩუნებს საკუთარ იდენტობას. ტურიზმის, ვაჭრობის, ენერგეტიკისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით ჩვენი ქვეყანა სარგებლობს ყველა უპირატესობით, რაც ცივილიზაციების გზაჯვარედინზე მდებარეობას მოაქვს. საქართველო ჩამოყალიბდა, როგორც დინამიური ქვეყანა, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი ვალდებულება თანამედროვე, კონკურენტუნარიანი ეკონომიკის მშენებლობის, ასევე ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი ბიზნესგარემოს შესაქმნელად" - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


ITB Berlin 1966 წლიდან იმართება და ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და წარმომადგენლობითო ფორუმია ტურიზმის სექტორში. 2023 წელს, საქართველო პირველად გამოფენის მასპინძელი ქვეყანაა. გამოფენაში წელს 80-ზე მეტი ქართული კომპანია მონაწილეობს ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორებიდან, რომლებსაც ასევე ექნებათ კარგი შესაძლებლობა, გამოფენის მსვლელობისას ბიზნესურთიერთობები დაამყარონ საერთაშორისო, წამყვანი ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოდგენილია მთავარ პავილიონში მთავარი სტენდით, ამავდროულად, მოწყობილი იქნება ცალკე სტენდი სათავგადასავლო ტურიზმის პავილიონში, ისევე, როგორც მთავარ შემოსასვლელში.


საქართველოს სათავგადასავლო სტენდზე მისული ვიზიტორები საქართველოს ტურისტულ ადგილებსა და ეროვნულ პარკებს ვირტუალურ რეალობაში იხილავენ.


გამოფენის გალა გახსნის ფარგლებში მოეწყობა სპეციალური ღონისძიება „უსაზღვრო ქართული კულტურა", სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურის ისტორია, თანამედროვე ხელოვნება, ეთნო ჯაზი, კლასიკური და ელექტრონული მუსიკა, ქართული ნაციონალური ბალეტი და ა.შ. სტუმრები ასევე გაეცნობიან ქართულ კულტურას, ტრადიციებსა და სამზარეულოს.


2023 წლის გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფციაა „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა"

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930