11-03-2023
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება კანადურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრით, მოქალაქეები, რომლებიც უცხო სახელმწიფოს სახელით მოქმედებენ, ვალდებულები იქნებიან, დამქირავებელ სახელმწიფოებთან ყველა სახის კავშირი ღია გახადონ.
„ჩვენ არა მხოლოდ აშშ-ის კანონმდებლობას გადავხედეთ, არამედ შევისწავლეთ სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობები.
მეტსაც გეტყვით - ჩვენ მიერ კანონპროექტის ინიცირებიდან მეორე დღესვე, ევროპარლამენტში მოხდა ზუსტად იგივე, ანალოგიური, FARA-ს კანონის მიხედვით შექმნილი დოკუმენტის ინიცირება. გამომდინარე აქედან, არა მხოლოდ კანადაში, არამედ ძალიან ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში მოქმედებს ასეთი ტიპის კანონი. როგორც უკვე ვთქვით, უახლოეს მომავალში საზოგადოება კიდევ უფრო დაინახავს, თუ რამდენად საჭიროა ამ კანონის მოქმედება და ზოგადად, ნებისმიერი ორგანიზაციის გამჭვირვალობა, ამ შემთხვევაში - ააიპებისა და მედიასაშუალებების, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
ჩვენი კანონპროექტით, ის სხვას არავის არ ეხება - არც ფიზიკურ პირებს და არც სხვა ტიპის იურიდიულ პირებს. აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ კანადაში, არამედ ბევრ სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში მოქმედებს მსგავსი ტიპის კანონი“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
ცნობისთვის, კანადელი ლიბერალები უცხოური გავლენის რეესტრის შექმნას გეგმავენ, რომელიც კანადას შიდა საქმეებში უცხოური ჩარევისგან დაიცავს.
16-11-2024
16-11-2024