12-03-2023
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია ტეხასის უნივერსიტეტის დალასში (აშშ) ეკონომიკის, პოლიტიკისა და პოლიტიკის მეცნიერებათა სკოლის დეკანს ჯენიფერ ჰოლმსსა და ვიცე პროვოსტს გლობალურ ურთიერთობებში, განათლების უმაღლესი სკოლის დეკანს, მოლეკულური ბიოლოგიის პროფესორს ხუან გონზალესს შეხვდა.
თსუ-მ და ტეხასის უნივერსიტეტმა დალასში (აშშ) ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ერთობლივი გრანტი მოიპოვეს. სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტი ითვალისწინებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერას, მათი კვლევითი და აკადემიური უნარების განვითარების ხელშეწყობას.
შეხვედრაზე თსუ რექტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა თსუ-ის სტრატეგიული პრიორიტეტია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქსიმალურად ეცდება, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტის ფარგლებში ამერიკულ უნივერსიტეტებთან ურთიერთობა გრძელვადიან ურთიერთობად გადააქციოს.
ამერიკელი პარტნიორებიასევე შეხვდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს ნუნუ მიცკევიჩს, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს. შეხვედრების შემდეგ მათ განაცხადეს, რომ თსუ-თან ინტენსიურ თანამშრომლობას გეგმავენ.
მარტის დასაწყისში გაიმართა პირველი კოჰორტის შესარჩევი ინტერვიუები. მასში არა მხოლოდ თსუ-ის, არამედ სხვა საჯარო კვლევითი უნივერსიტეტების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ამერიკელი და თსუ-ელი ექსპერტები 11 აპლიკანტს გაესაუბრნენ. შერჩეული აპლიკანტების პირველი კოჰორტა ტეხასის უნივერსიტეტს 2023 წლის ივნის-ივლისში ეწვევა.
16-11-2024
16-11-2024