21-03-2023
„ბოლო დროს მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ ჩვენი - „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ“ იყო მართებული, სწორი და ადეკვატური ნაბიჯი, იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომლებიც საქართველოს წინაშეა. იქნება ეს უსაფრთხოების გამოწვევები, კორუფციული რისკები, მტრული სახელმწიფოების თუ მტრული ძალების ნეგატიური რისკების დაზღვევა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.
მან მაგალითებად განიხილა დასავლეთში, მსგავსი რეგულაციების შესახებ გააქტიურებული საუბრები.
„სწორედ ამას მოწმობს კანადის, ბრიტანეთის ხელისუფლებებისა თუ მათი არასამთავრობო და საპარლამენტო შტოების მიერ ანალოგიური კანონპროექტის ინიცირება. ასევე ანალოგიური კანონპროექტის გარდაუვალ აუცილებლობაზე საუბრობს ევროპარლამენტი და არა მარტო ევროპარლამენტი, არამედ - ევროკომისიაც. ეს ყველაფერი ნათლად მიუთითებს, რომ მსგავსი კანონი ნებისმიერი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს უპასუხებს. დღეს რა ვიხილეთ ჩვენს საზოგადოებაში? თავდაპირველად საუბარი იყო იმაზე, რომ ამ კანონის განხილვა არ უნდა დაგვეწყო. ადამიანებს ქვეყნის შიგნით, მათ შორის ქართველებს, თურმე არ უნდათ, რომ საქართველოს სახელმწიფო და ეროვნული ინტერესები დავიცვათ. ახლაც კი, როდესაც ეს კანონპროექტი გაწვეულია, ჩემი კოლეგა ოპოზიციონერი დეპუტატებისგან მესმის ასეთი გამონათქვამები - საერთოდ შეეშვით ამ კანონპროექტს, ნუღარ განიხილავთ, ხომ გაიწვიეთ, რატომღა განიხილავთ?". რას ნიშნავს ეს? არ ავუხსნათ საზოგადოებას, რაში მდგომარეობდა კანონპროექტი არსი?
რატომ არ სიამოვნებთ ამ კანონპროექტის ჭეშმარიტ არსზე საუბარი? ნამდვილად, სწორედ ეს იყო ეროვნული ინტერესების საპასუხოდ მიღებული და გადგმული ნაბიჯი, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს და, რა თქმა, უნდა, უნდა დაიცვას, ისევე, როგორც ნებისმიერმა სახელმწიფომ მსოფლიოში. რატომ გეშინიათ ამ კანონპროექტზე საუბრის, გეკითხებით, რატომ არ გინდათ ამაზე საუბარი? გამჭვირვალობა არ გვინდა, რისკები აღარ აქვს საქართველოს თუ ეროვნული ინტერესები აღარ უნდა დავიცვათ? აგრძელებენ ისევ იმ ცრუ ნარატივს, თურმე, [კანონპროექტი] რუსულია, იმიტომ, რომ იციან ქართული საზოგადოებისთვის რუსული არის ერთადერთი და ყველაზე მძაფრი წითელი ხაზი. სხვა არგუმენტი ამ კანონპროექტის წინააღმდეგ არ აქვთ. „რუსული, რუსული!“ - ისევ გაიძახიან.
ახლა, როდესაც საზოგადოების ემოციები დამცხრალია და საზოგადოება უფრო მეტს კითხულობს, მეტად ინტერესდება ამ კანონპროექტის რეალური არსით და მისი შინაარსით, ახლაც უნდათ, შეუქმნან საზოგადოებას აღქმა, რომ რუსულია ეს კანონია - ისევ ცრუ ნარატივის გავრცელებას ცდილობენ საზოგადოებაში. ერთადერთი არგუმენტი, რომელიც ამ „რუსულობის“ სასარგებლოდ მოჰყავთ, არის ის, რაც მოვისმინე, - რომ სულისკვეთებაა რუსული და კიდევ ის, რომ თურმე, პუტინმა მერე რაღაც მუხლები დაამატა, რომელმაც შეზღუდა სამოქალაქო საზოგადოება. საიდან იციან, რა პროგნოზებზე დაყრდნობით აკეთებენ ამას? სინამდვილეში, ეს არის შიში, რომ გამჭვირვალობა, რომელიც ნამდვილად და რეალურად ევროპული ფასეულობაა, საფრთხეს შეუქმნის სწორედ იმ მტრულ ძალების გავლენას საქართველოში, რომლებიც ცდილობენ ქვეყნის განვითარების შეფერხებასა და მშვიდობის ხელყოფას.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი; მათი ეს პიარ თაღლითობა (რომელიც, საბედნიეროდ, 2-3 დღე გაგრძელდა და საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა იხილა, თუ რა ცრუ ნარატივს, რა მანიპულაციურ დასკვნებს ეფუძნებოდა მათი აგრესიული, ზუსტადაც რომ რუსული პროპაგანდა), გაიფანტა, მათი სასოწარკვეთის გამო, გადაიზარდა ფაშიზმში, სწორედ ფაშიზმში, რომელიც მიმართულია ჩვენი შვილებისა და ოჯახის წევრების წინააღმდეგ. ამაში ჩართულნი არიან მასწავლებლებიც. პროფესორებსა და ლექტორებს უქმნიან უნივერსიტეტში პრობლემებს. უნდა დავასრულოთ სიძულვილისა და ზიზღის ენის გავრცელება, ეს გაუგონარი ფაშიზმი, როგორც ერთი, ისე - მეორე მხრიდან“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024