გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ComCom-ის თავმჯდომარემ მედიასკოლისა და მედიალაბის მუშაობა შეაჯამა

22-03-2023

პარლამენტში ComCom-ის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა, კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის ანგარიში წარადგინა, რომლის ფარგლებშიც, მედიააკადემიის მიმართულებების, კერძოდ კი, მედიასკოლისა და მედიალაბის საქმიანობა შეაჯამა.


„ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებისა და ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით დაარსებული მედიააკადემია, წარმატებით საქმიანობს და მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. მედიააკადემია სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს, ესენია: მედიასკოლა, მედიაკრიტიკა და მედიალაბი" - განაცხადა ბექაურმა პარლამეტში.


კახა ბექაურის თქმით, მედიასკოლა დამწყები და მოქმედი მედია მენეჯერებისთვის, პროდიუსერებისა და ჟურნალისტებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სემინარებს და სასწავლო შეხვედრებს ინტენსიურად ატარებს, ხოლო, 2021 წელს, პანდემიის პირობებში, 50-მდე მედიის წარმომადგენელი გადაამზადა. ლექციები ჩატარდა ისეთ თემებზე, როგორიც უსაფრთხოება, ტელემედიის სამაუწყებლო პოლიტიკა, ინფორმაციის აღქმისა და კომუნიკაციის ფსიქოლოგიაა. მისივე თქმით, 2021 წელს მედიასკოლამ სემინარების მეორე ციკლი დაიწყო, რომელიც ჟურნალისტიკით დაინტერესებულ ადამიანებს მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტის შექმნის შესახებ უფასო ონლაინ შეხვედრებით უზრუნველყოფდა, 5 ავტორის ონლაინ ლექციებს კი მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა.


კომისიის თავმჯდომარემ მედიალაბის საქმიანობაც მიმოიხილა, რომელიც უკვე მეორე წელია სტარტაპერებს საერთო სამუშაო სივრცეს, რეზიდენტი სტარტაპერების ინკუბაციას, დაფინანსებას, სტარტაპების აქსელერაციასა და ინოვაციური პროექტების განხორციელებას სთავაზობს. ბექაურმა აღნიშნა ისიც, რომ მედიალაბის 2021 წელს ჩატარებული ონლაინ სემინარებით 500-ზე მეტი ახალგაზრდა გადამზადდა, საგანმანათლებლო პლატფორმა www.Medialab.ge-ზე 120-ზე მეტი სტატია გამოქვეყნდა და სოციალურ ქსელში მათ საქმიანობას 1,3 მილიონამდე ნახვა ჰქონდა. ამასთან, თავმჯდომარემ მედიალაბის კონკურს „იდეადრომზე" ისაუბრა, რომელიც 2021 წელს ორჯერ ჩატარდა და სწავლება 18-მა სტარტაპ გუნდმა გაიარა.


„კონკურსი „იდეადრომი" არის შესაძლებლობა სტარტაპებისთვის, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ინოვაციური, პროგრესული და თანამედროვე მედიაპროდუქტების შესაქმნელად" - განაცხადა კახა ბექაურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930