„ხორავას ქუჩის საქმის“ საგამოძიებო კომისიის სხდომის მიმდინარეობისას დეპუტატმა, ოთარ კახიძემ მიხეილ კალანდიას შესახებ დასვა კითხვა.
კახიძემ კალანდიას „პოტენციური ეჭვმიტანილი“ უწოდა და მოითხოვა განმარტება, თუ რატომ გაიზიარა ზვიად ფხაკაძემ ხორავას ქუჩაზე, ეზოში მოზარდების განლაგების თაობაზე გამოძიების საპირისპირო ინფორმაცია.
ამ კითხვაზე პასუხი ირაკლი შოთაძემ გასცა.
„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის ტერმინი „პოტენციური ეჭვმიტანილი“. ეს არ არის იურიდიულად სწორი და როდესაც საქმე ეხება ადამიანის სისხლისსამართლებრივ დევნას, პოტენციურ ეჭვებზე საუბარი აბსოლუტურად მიუღებელია. რაც შეეხება მ.კ. თქვენ პოზიციას და შეფასებას, რომ პროკურორმა გაიზიარა გამოძიების საპირისპირო ვერსია, ეს არის აბსურდი, რადგან გამომძიებელი ინფორმირებულია გამოძიების ეტაპზე არსებულ მტკიცებულებებზე, ხოლო პროკურორი გამოძიებასა და სასამართლო გამოძიების ეტაპზე არსებულ და მოპოვებულ მტკიცებულებებზე. შესაბამისად, არანაირი წინააღმდეგობა ამ ორ საკითხს შორის არ არსებობს“- განაცხადა შოთაძემ.