გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გვენეტაძის გადადგომის მიზეზი არადამაჯერებელი და არასაკმარისია-„ახალგაზრდა ადვოკატები“

5-08-2018

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ნინო გვენეტაძის გადადგომას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმძღვანელის მოულოდნელი წასვლა სასამართლო ხელისუფლების დაუფარავი გამოწვევაა, რომელიც მთლიანად უკავშირდება სისტემის დამოუკიდებლობას, თავისუფლებასა და მოსახლეობაში ნდობას, ნინო გვენეტაძის გადადგომის ოფიციალური მიზეზი კი არადამაჯერებელი და არასაკმარისია.


„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, დემოკრატიულ საზოგადოებაში, მოსახლეობას აქვს უფლება, ნინო გვენეტაძის გადადგომა არ განიხილოს შემთხვევით მოვლენად, ვინაიდან მართლმსაჯულების განხორციელებაზე საქართველოს კონსტიტუციით პასუხისმგებელი ხელმძღვანელი პირის გადადგომას, წინ უსწრებდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საერთო სასამართლოების სისტემაში გადაწყვეტილების მიმღები სხვა ხელმძღვანელი პირების პიროვნული, თემატური თუ ინსტიტუციური დაპირისპირება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან. შესაბამისად, საზოგადოებისთვის ცნობილი იყო ნინო გვენეტაძის საჯარო პოზიციები და მიდგომებიც, როგორც სასამართლო სისტემის რეფორმის საკითხებზე, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საერთო სასამართლოების სისტემაში გადაწყვეტილების მიმღები სხვა ხელმძღვანელი პირების მიმართ. ამიტომაც, ნინო გვენეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მსჯელობის დაშვება ისეთივე მაღალი საჯარო ინტერესის თემაა, როგორც გადადგომაზე მიღებული გადაწყვეტილებისთვის თავისუფალი ნების გარემოს შეფასება. აღნიშნული სასამართლო სისტემამ მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულების საკითხიდან უნდა დაინახოს.


ნინო გვენეტაძე საქართველოს უზენაეს სასამართლოს რთულ და გარდამავალ პერიოდში ხელმძღვანელობდა და საკასაციო სასამართლომ შეძლო დამოუკიდებლობის ხარისხის შენარჩუნება. 2012 წლის პოლიტიკური ცვლილებების მთავარი მოტივაცია, მათ შორის ერთპარტიული დემოკრატიის სასამართლო ხელისუფლებაში დასრულების აუცილებლობით იყო ნაკარნახევი, თუმცა ყველა პრობლემის სათავე, მათ შორის სასამართლო ხელისუფლებაშიც, შესაძლებელია განპირობებული იყოს იმ ფაქტორებით, როდესაც არ მომხდარა მძიმე მემკვიდრეობის სამართლებრივი შეფასება, პასუხისმგებლობის ტვირთის გადანაწილება, სასამართლო ხელისუფლებისთვის მისი ძირითადი ფუნქციის დაბრუნება და სამართლიანობის აღქმის საზოგადოებრივი მოთხოვნების უზრუნველყოფა. ამ პროცესში, ნინო გვენეტაძემ ქართული სასამართლო სისტემის განვითარებისთვის, აირჩია მკვეთრი პოზიცია და რეფორმების კვალდაკვალ, მხარი დაუჭირა ისეთ ცვლილებებს, რომელიც ერთნაირად პოპულარული და მისაღები ვერ აღმოჩნდა მოსამართლეთა გარკვეული ნაწილისთვის. ამიტომაც, მისი გადადგომა, გაცილებით მეტ კითხვას აჩენს და იმავდროულად პასუხს სცემს საერთო სასამართლოების სისტემაში დღეს მიმდინარე მოვლენებზე.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საზოგადოების ფართო მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილების მიმღებმა ყველა პოლიტიკურმა ინსტიტუციამ - პრეზიდენტმა თუ პარლამენტმა, მხედველობაში მიიღოს საკითხის საზოგადოებრივი ინტერესი და არ მოხდეს სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესი პოლიტიკური ძალაუფლების დემონსტრირებად, რაც კიდევ ერთხელ ნეგატიურად აისახება მართლმსაჯულების მიმართ მოსახლეობის ნდობაზე.


მნიშვნელოვანია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მომავალი თავმჯდომარეობის კანდიდატად შერჩეული იქნეს პირი, რომელიც პიროვნული და პროფესიული ღირსებებით ახლოს დგას საზოგადოების მორალურ-სამართლებრივ მოთხოვნილებებთან. უზენაესი სასამართლო თავად უწესებს თავმჯდომარეობის კანდიდატს მაღალ სტანდარტებს, რომლის გაუთვალისწინებლობაც, მძიმე შედეგებს მოუტანს ქართულ სასამართლოს, ჩვენს დემოკრატიას და მთლიანად საზოგადოებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031