5-08-2018
მაღალმთიან აჭარაში დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართა. შუამთობის ტრადიციული დღესასწაული აჭარის მოსახლეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიულოცა. აჭარის მთის უძველეს სახალხო დღესასწაულს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„დღევანდელი დღე არის ზეიმი სიყვარულის და ერთიანი სულისკვეთების. დღევანდელი დღე არის ზეიმი მთისა და ბარის ერთობლიობის. ჩვენთვის მთის განვითარებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა იმიტომ, რომ ძლიერი მთა ნიშნავს ძლიერ საქართველოს. თქვენ იცით, რომ ამ მიმართულებით ბევრი პროექტი ხორციელდება, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება ისეთი პროექტები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს მთიანი აჭარა ვაქციოთ 4 სეზონიან კურორტად. მალე დაიწყება ხულო-ზარზმის პროექტი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ლამაზი მთიანი აჭარის განვითარებისთვის, მაგრამ ესეც არ იქნება საკმარისი. აუცილებელია განვახორციელოთ ბევრი ისეთი პროექტი, რაც მთიან აჭარას აქცევს საქართველოს ტურისტული პოტენციალის ერთ-ერთ მთავარ მარგალიტად“ - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
ღონისძიება „შუამთობის“ კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც ხულოს მუნიციპალიტეტის სიმღერისა და ცეკვის შემოქმედებითი ანსამბლები, მათ შორის უხუცესთა ფოლკლორული ანსამბლი „ბერმუხა“ მონაწილეობდა. შუამთობის ერთ-ერთ მთავარი ტრადიციის შესაბამისად, ახლად დაქორწინებულ წყვილებს დაოჯახება მიულოცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა.
შუამთობის დღესასწაულზე ჩატარდა დოღი და გამოვლინდა ფალავანი. გაიმართა ასევე შეჯიბრი მკლავჭიდში და სპორტის სხვადასხვა სახეობაში.
19-12-2024
18-12-2024