18-04-2023
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სასამართლო სისტემაში 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ არსებული სტატისტიკა მოიყვანა, და განაცხადა, რომ ცვლილება რადიკალურია.
ირაკლი კობახიძემ კითხვით მიმართა ოპოზიციონერ დეპუტატ ხათუნა სამნიძეს, რამ გამოიწვია ამხელა ცვლილება, ხომ არ არის ამის მიზეზი ის, რომ სასამართლო სისტემა პოლიტიკური კონტროლისგან გათავისუფლდა, სასამართლო არის რეალურად დამოუკიდებელი და მოსამართლეები გათავისუფლებული არიან წნეხისგან? რას დაარქმევდა ამას, რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა ხდება 2012 წლის შემდეგ?
„2012 წლიდან სამჯერ შემცირდა წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი საქართველოში, ასევე სამჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი, ხუთჯერ ნაკლებია ჯარიმების მოცულობა, რაც გამოუწერეს საქართველოს მოქალაქეებს, 18-ჯერ შემცირდა გირაოს მაჩვენებელი, ორჯერ შემცირდა საგამოძიებო მოქმედებებზე შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სტასტისტიკური მონაცემია, რაც შეეხება სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობას, აქ მინდა დავაკონკრეტო, ხშირად იყო საუბარი მანიპულაციებზე, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები რომ ავიღოთ, სამჯერ არის შემცირებული, ეს არის დაახლოებით 150 საქმე, რომელიც დღეს განიხილება, როდესაც ასეულობით საქმე იყო სტრასბურგში საქართველოდან.
გარდა იმისა, რომ საქმეების მაჩვენებელია ასეთი, ცალკე სტატისტიკაა, თუ რამდენი საქმე კმაყოფილდებოდა 2012 წლამდე მომხდარ დანაშაულებთან დაკავშირებით და რამდენი კმაყოფილდება დღეს. რაც შეეხება გამამართლებელ განაჩენებს, ცნობილია, რა ხდებოდა 2012 წლამდე, თითქმის ნულოვანი იყო სტატისტიკა, ერთერთი მოსამართლე საუბრობდა ამასწინათ ეთერში, მხოლოდ ერთ ადვოკატს აქვს 87 გამამართლებელი განაჩენი. ეს არის სტატისტიკა, გვაქვს რადიკალური ცვლილება.
თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ეს ამხელა ცვლილება, ხომ არ არის ამის მიზეზი ის, რომ სასამართლო სისტემა პოლიტიკური კონტროლისგან გათავისუფლდა, მიზეზი ხომ არ არის ის, რომ სასამართლო არის რეალურად დამოუკიდებელი და მოსამართლეები გათავისუფლებული არიან წნეხისგან. ეს არის რეალობა, რასთან დაკავშირებითაც მინდა მე დაგისვათ შეკითხვა და რას დაარქმევდით ამას, რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა ხდება 2012 წლის შემდეგ?“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024