20-04-2023
„საქართველოს განსაკუთრებული პოტენციალი აქვს განახლებადი წყაროებიდან ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით. ეს პირდაპირ კავშირშია როგორც ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასთან, ასევე, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსების მოზიდვა განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის".
ღონისძიება საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით ჩატარდა და მიზნად ისახავდა განახლებადი ენერგიის დარგის კერძო კომპანიების ინფორმირებას საერთაშორისი ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შესახებ, ასევე დაფინანსების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობასა და ფინანსური ინსტიტუტებისთვის საქართველოს ენერგეტიკაში მიმდინარე სიახლეების გაცნობას.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ენერგეტიკის მიმართულება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამასთან, მისი თქმით, საგულისხმოა, ძალიან ბევრი კონკურენტუნარიანი პროექტი განხორციელდეს ისე, რომ ქვეყანას განვითარების ყველა წინაპირობა ჰქონდეს.
„ამიტომ მნიშვნელოვანია ამ პროცესში არამარტო ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც უწყობს ხელს განახლებული წყაროებიდან ენერგოსტრუქტურის განვითარებას, არამედ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობა, მათი მონაწილეობა და მათთან ერთად მნიშვნელოვანი მდგრადი პროექტების განხორციელება. სწორედ ამიტომ შარშან ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო პროცესი გავწიეთ საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ ქვეყანას მხარდაჭერის კონკრეტული სქემები შეემუშავებინა და ინვესტორებს, დეველოპერებს პროექტების განხორციელების საშუალება მისცემოდათ, მათ შორის - საფინანსო ორგანიზაციებიდან მოეზიდათ დაფინანსების რესურსები", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
კონფერენციას ენერგეტიკის სექტორში დასაქმებული კერძო და საჯარო სექტორის, საერთაშორისო და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები დაესწრნენ. ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის გარდა ასევე სიტყვით გამოვიდნენ - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი და ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი ჯაბა ხმალაძე.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა: საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB), ნიდერლანდების განვითარების ბანკი (FMO) და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB). როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, კონფერენცია მნიშვნელოვანი, ცალსახად პროდუქტიული პლატფორმა უნდა იყოს, სადაც დეველოპერები და საფინანსო ორგანიზაციები შეძლებენ კონტაქტების დამყარებას და ეს პრაქტიკულ შედეგებში გადაიზრდება.
16-11-2024
16-11-2024