20-04-2023
„2022 წელს, საქართველოს მთავრობამ მიიღო ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტი ,,2022-2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამა’’, რაც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას და ევროკავშირის გარემოს დაცვის პოლიტიკასთან მაქსიმალურ დაახლოებას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გარემოს დაცვის ევროპული სისტემის ჩამოყალიბებისთვის უმთავრეს ფუნდამენტს გარემოსდაცვითი მმართველობის სისტემის გაუმჯობესება წარმოადგენს. ამ მიმართულებით, ხელისუფლების მხრიდან, უკვე გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები.
„2022 წლიდან ამოქმედდა ,,გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელმაც შემოიტანა ახალი ვალდებულებები სამრეწველო სექტორისთვის. საწარმო, რომელიც საქმიანობის პროცესში გარემოს დააბინძურებს, ვალდებულია, გარემოს დაბინძურების აღმოსაფხვრელად გასწიოს სათანადო ღონისძიებები და გაიღოს ამისთვის საჭირო თანხები. ჩვენ, ამ ახალი ვალდებულებების შესასრულებლად, უკვე გავატარეთ მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმა სამინისტროს სისტემაში. კერძოდ, გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ზედამხედველობის დეპარტამენტში შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც მუშაობენ კანონის აღსრულების მიმართულებით“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
16-11-2024
16-11-2024