25-04-2023
„მსოფლიო მასშტაბით ომის დისტრიბუციას გლობალური ომის პარტია ახორციელებს, რომელსაც ძალიან ძლიერი, დიდი რესურსის მქონე საცეცები აქვს“, - ამის შესახებ გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გლობალური ომის პარტიის ინტერესებთან კონფლიქტში მოდის „ქართული ოცნების“ პრინციპი, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები იყოს დაცული.
„ბაიდენის ადმინისტრაციის გარკვეულ ნაწილს, ევროდეპუტაციას, კონკრეტულ ელჩებს, დეპარტამენტებს, ფონდებს და ა.შ. შექმნილი აქვთ პოლიტკონიუნქტურა და ვინც ამაში არ ჩაჯდება, ის მათთვის მტერია. გავიხსენოთ თუნდაც გონჩარენკოს განცხადება, სააკაშვილი ომს დაიწყებდაო. დიახ, სააკაშვილის მთავრობა კონკრეტულ დავალებას რომ მიიღებდა, იმ დავალებას ზუსტად შეასრულებდა. მაგრამ, საქართველო დღეს სხვა მოწოდების სიმაღლეზეა. საქართველოს ჰყავს განსხვავებული ხელისუფლება, აქვს განსხვავებული, საზოგადოებრივი საწყისებიდან ნაკარნახევი ეროვნული ინტერესები. ეს კი უკვე არ არის მისაღები გლობალური ომის პარტიისთვის და მათ ინტერესებთან კონფლიქტში მოდის.
ამიტომ, რა უნდა გააკეთონ? კანონპროექტი უნდა აქციონ „რუსულ კანონპროექტად“, ხელისუფლებას, სასამართლოს და მოსამართლეებს უნდა უწოდონ „რუსი“ და ა.შ. მაგრამ, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს კონკრეტული პოლიტკონიუნქტურის შემქმნელებისთვის, ახლა 21-ე საუკუნეა, სხვა რეალობაა და საზოგადოება რეალურად აღიქვამს იმ გამოძახილს, რასაც ხელისუფლება საზოგადოებრივი დაკვეთებიდან გამომდინარე ახორციელებს. ვერ შეაფერხებენ იმ პროცესს, რომ საქართველო დამოუკიდებელ ორბიტაზე გადის, სადაც, თუ ჩვენთან პარტნიორობა უნდათ, თანასწორი უფლებებით უნდა გვესაუბრონ“, - აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.
ანალიტიკოსი შეეხო დავით ზურაბიშვილის წერილსაც, სადაც ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დაპატიმრებაა გაჟღერებული და განმარტა, რომ დავით ზურაბიშვილისნაირი ადამიანების კატეგორიის მორალური თვალსაზრისით შეფასება რთულია, რადგან მათთვის ის უბრალოდ არ არსებობს.
„[დავით ზურაბიშვილის მსგავსი] ადამიანების მორალური თვალსაზრისით შეფასება გართულდება, რადგან მორალურად აფასებ ადამიანს, რომელსაც რაღაც ეთიკური ნორმები და ჩარჩოები გააჩნია. ამ ბოლო პერიოდში რასაც ვხედავთ, ეს ადამიანი და მისი ძალიან ბევრი მეგობარი, თანაპარტიელი თუ გარემოცვა, რომელსაც რადიკალური ოპოზიციური ფლანგი წარმოადგენს, სამწუხაროდ, დამოუკიდებელი არ არის. ეს ადამიანები იმ კონკრეტულ ნარატივს აჟღერებენ საქართველოში, რომელიც მათ მიმართ დავალების სახით მოდის. აქედან გამომდინარე, მორალურად შეიძლება თავისუფალი ადამიანი შეაფასო - თუ რამ გადააწყვეტინა მას ასეთი განცხადების გაკეთება, მაგრამ, როდესაც მის მიმართ კონკრეტული დავალებაა გაცემული, აქ მორალური თვალსაზრისით შეფასება ჩვენი მხრიდან სწორი დამოკიდებულება არ იქნება. ძალიან მარტივად ასახსნელია - როდესაც ადამიანები სინდისთან კომპრომისზე წამსვლელები არიან, იქ უნდა დავამთავროთ ყოველგვარ მორალურ ეთიკურ ჩარჩოებზე საუბარი. როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკურ კარიერაზე ან ადამიანის მიმართ ადამიანური გრძნობის იმ მასშტაბის გამოვლენაზე (რაც ახსენეთ, მისი სიცოცხლის შენარჩუნებაშიც კი ამხელა წვლილი რომ აქვს [ბიძინა ივანიშვილს] მიღებული), ასეთ დროს, ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებიც სინდისთან კომპრომისზე წავიდნენ. ასეთი პოლიტიკანები აკეთებენ განცხადება ორი რამის გამო: ერთი, რომ კონკრეტული დავალება აქვთ და მეორე - რამენაირად იქნებ სკანდალურები გამოჩნდნენ საზოგადოებაში, რომ რაღაც პოლიტიკურ ტალღაზე დასხდნენ და იტივტივონ.
კონკრეტული კონტრკითხვები არსებობს: ამბობენ, შეიძლება დააპატიმრონ ბიძინა ივანიშვილიო.
რისთვის უნდა დააპატიმრონ? საქართველომ უპრეცედენტო მასშტაბის სამმილიარდიანი ქველმოქმედება რომ მიიღო ბიძინა ივანიშვილისგან და თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე რომ იგრძნო ამ ქველმოქმედებისგან სარგებელი, ამის გამო? თუ იმის გამო უნდა დაისაჯოს ბიძინა ივანიშვილი, 2012 წელს რეჟიმი, რომლის სახე იყო რეკეტი, სისხლისღვრა, ადამიანების ხოცვა და ათასი უბედურება, ეს რომ ჩამოგვაშორა? ან ახლანდელი პროცესების გამო - ქვეყნის ე.წ. უკრაინიზაციას რომ არ დაუჭირა მხარი, ამის გამო უნდა დაისაჯოს? პარადოქსია, როდესაც პუტინს ბიძინა ივანიშვილს ადარებენ. იმ პუტინს, რომელიც ბარბაროსულ ომს აწარმოებს მეზობელ სახელმწიფოსთან და რომელმაც ათასობით სიცოცხლე შეიწირა, მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ისეთი პოლიტიკური კულტურა ჩამოაყალიბა საქართველოში, რომ ხელისუფლების ორიენტირი არის ეროვნული ინტერესები, ქვეყანაში ომის არ დაშვება და გეოპოლიტიკური ჯახიდან საქართველოს გადარჩენა. ამის გულისთვის უნდა დაისაჯოს ბიძინა ივანიშვილი? “, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
ზურაბ ქადაგიძემ დავით კეზერაშვილის საქმის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს გლობალური ომის პარტია იყენებს იქამდე, სანამ მას ფინანსური რესურსი აქვს რადიკალების დასაფინანსებლად.
„იქით ფლანგზე ძალიან დიდი რესურსებით აღმოჩნდა დავით კეზერაშვილი. თქვენ ითხოვთ მისგან ისეთ გონივრულ გადაწყვეტილებას, როგორსაც ვთქვათ, თავის დროზე კარდინალი რიშელიე მიიღებდა. წარმოიდგინეთ, კეზერაშვილი, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ დანიშნა ლევან ხაბეიშვილი, მარჯვენა ხელად ვანო მერაბიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი ჰყავს, მისგან ვითხოვთ გონივრულ გადაწყვეტილებას, - „კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების" - განაცხადა ქადაგიძემ.
16-11-2024
16-11-2024