10-08-2018
რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ცენტრის (ВЦИОМ) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, რესპოდენტთა 80% მხარს უჭერენ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას.
„რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა დღესაც მიიჩნევს, რომ რუსეთი სწორად მოიქცა, რომ 2008 წელს მხარი დაუჭირა სამხრეთ ოსეთს (81%). ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი 10%-ით გაიზარდა. 80% კი მიიჩნევს, რომ რუსეთი სწორად მოიქცა, როდესაც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ეს მაჩვენებელი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 5%-ით გაიზარდა“, - ნათქვამია რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ცენტრის (ВЦИОМ) განცხადებაში.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, რესპოდენტთა მხოლოდ 9% ეწინააღმდეგება რუსეთის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს ეს მაჩვენებელი 14%-ს შეადგენდა. გამოკითხულთა 7% ასევე მიიჩნევს, რომ 2008 წელს რუსეთს მხარი არ უნდა დაეჭირა „სამხრეთ ოსეთისთვის“.
საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ცენტრში აცხადებენ, რომ „რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარებას“.
აღნიშნული გამოკითხვა 6 აგვისტოს ჩატარდა, ცდომილების ზღვარი კი 2,5%-ს არ აღემატება.