25-04-2023
მთავარი არის ის, რომ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც პასუხისმგებელი იყო ჩვენი უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხებზე, მხილებულია საერთაშორისო თაღლითური ორგანიზებული დანაშაულის საქმეში როგორც ერთ-ერთი სავარაუდო ორგანიზატორი - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს სტრასბურგში განუცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კორუფციით არჩევნებზე გავლენა არ უნდა დავუშვათ და ის განცხადებები, რაც კეზერაშვილმა გააკეთა, სწორედ პოლიტიკურ კორუფციაზე მიუთითებს.
„არის მცდელობები, რომ საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით საზოგადოებაში მეტი დაბნეულობა იყოს. ყოველ დღე ახალ-ახალ დეტალებს, მინი-სკანდალებს ვხედავთ. რეალურად, არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი, რაც ამ ისტორიას უკავშირდება. მთავარი არის ის, რომ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც პასუხისმგებელი იყო ჩვენი უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხებზე, მხილებულია საერთაშორისო თაღლითური ორგანიზებული დანაშაულის საქმეში როგორც ერთ-ერთი სავარაუდო ორგანიზატორი. ამაზე გამოძიება ჩაატარეს პარტნიორებთან ერთად და ჩვენმა სამართალდამცველებმა, ახლა, თვეების შემდეგ BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება.
ეს ადამიანი, მისივე განცხადებით, საქართველოში აფინანსებს ოპოზიციას, ტელევიზიას და არაფორმალურ კავშირებში იმყოფება სხვა ინტერესთა ჯგუფებთან, ეს არის ამ ისტორიის მთავარი სათაური. დანარჩენი ყველაფერი, რასაც ვხედავთ ყოველდღიურად, გადაძახილებს ამ საქმეზე თუ ახალ-ახალ ინფორმაციებს, სამართალდამცველებმა უნდა შეკრიბონ და გამოიყენონ იმისთვის, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება აღსრულდეს. ჩვენთვის მთავარია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კორუფციით არჩევნებზე გავლენა არ დავუშვათ, ის განცხადებები, რაც დავით კეზერაშვილმა გააკეთა, სწორედ პოლიტიკურ კორუფციაზე მიუთითებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
16-11-2024
16-11-2024