29-04-2023
„დღეს, როდესაც 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებისთვის სერიოზული ბრძოლა გვიწევს შიდა ოპოზიციასთან, მთავარი პარტნიორი სახელმწიფოსგან ასეთ დარტყმას არ უნდა ვიღებდეთ. გვესმის, რომ მათ მიერვე შემოყვანილ მიხეილ სააკაშვილს, ანუ საკუთარ პოლიტიკურ გეგმას ვერ და არ ღალატობენ“,- ამის შესახებ facebook გვერდზე „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს.
როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ საქართველოს ხელი შეეშალოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში.
„ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების რიგი პოლიტიკოსების ქმედება ბევრ კითხვას ბადებს ჩვენში. ევროპულ სახელმწიფოებთან ორმხრივი დატვირთული ვიზიტები პოზიტიურ მოლოდინებს გვიჩენს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, თუმცა რამდენჯერაც წამოვიდა დადებითი მესიჯები ევროპიდან, იმდენჯერ რიგი ამერიკელი პოლიტიკოსები მწვავე კრიტიკით ამ პოზიტივის გადაფარვას ცდილობენ.
სენატორ შაჰინისა და USAID ხელმძღვანელის სამანტა პაუელის ნეგატიური და უსამართლო განცხადებები საქართველოს შესახებ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ზედიზედ ჩამოდიან ევროპული სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა არაფერია, თუ არა ხელის შეშლა სტატუსის მიღების პროცესში. ამავე მიზანს ემსახურებოდა მოსამართლეების დასანქცირება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან.
დღეს, როდესაც 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებისთვის სერიოზული ბრძოლა გვიწევს შიდა ოპოზიციასთან, მთავარი პარტნიორი სახელმწიფოსგან ასეთ დარტყმას არ უნდა ვიღებდეთ. გვესმის, რომ მათ მიერვე შემოყვანილ მიხეილ სააკაშვილს, ანუ საკუთარ პოლიტიკურ გეგმას ვერ და არ ღალატობენ.
თუმცა, ისიც გასაგები უნდა იყოს მათთვის, რომ ქართული ოპოზიციის უდიდესი ნაწილი საქართველოს გუშინდელი დღეა და ადგილობრივი ამომრჩევლისგან მათ პერსპექტივა არა აქვთ. ამიტომ, უმჯობესია, ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ან სანდო წყაროდან მიიღონ ინფორმაცია, ან ხელი აიღონ იმ განზრახვაზე, რაც უკვე აშკარად იკითხება. ყველანი ვხვდებით, რომ რაც უფრო ვუახლოვდებით ევროპას, მით უფრო ამძაფრებს ამერიკა სიტუაციას საქართველოში.
ევროპამ ერთხელ უკვე დაუშვა შეცდომა როგორც ჩანს, მათივე ზეწოლის შედეგად. დღეს კი, გვჯერა, რომ ევროკავშირი იქნება უფრო პრინციპული და გაბედული. კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებით, გათვალისწინებული იქნება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ, სწორედ ევროპის ინტერესებიც“,- წერს facebook-ზე თამარ ჩიბურდანიძე.
16-11-2024
16-11-2024