29-04-2023
„მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ საკითხს, რომელიც უკავშირდება წმინდა წყლის მანიპულაციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, თითქოს და საქართველო მხარს არ უჭერდა უკრაინელ ბავშვებთან დაკავშირებული რეზოლუციის მიღებას. ის განცხადებები, რომელსაც აკეთებენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი პოლიტიკოსები არის წმინდა წყლის მანიპულაცია, მავნებლობა არა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, არამედ საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ“- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა ფოთში, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დელეგაცია ადგილზე არ იმყოფებოდა და მხოლოდ ამიტომ არ არის დაფიქსირებული საქართველოს დელეგაციის ხმა, თუმცა, ამ რეზოლუციას დელეგაციამ მხარი დაუჭირა საკომიტეტო მოსმენაზე. მისივე თქმით, ყველა რეზოლუცია მხარდაჭერილია ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და აქვე აღნიშნა, რომ მათ შორის, არის ისეთი რეზოლუციები, რომელზეც ოპოზიციის ხმები საერთოდ არ ფიქსირება.
„მათ კარგად იციან, რომ დელეგაცია უბრალოდ იმ პერიოდში არ იმყოფებოდა ევროპის საბჭოში. დელეგაციას მხარი აქვს დაჭერილი ამ რეზოლუციისთვის საკომიტეტო მოსმენებზე და ისევე როგორც საქართველოს დელეგაციას, ასევე თუ კარგად ჩაიხედავენ, ამ რეზოლუციისთვის მხარი არ აქვს დაჭერილი 20-ზე მეტ სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენელს საპარლამენტო ასამბლეაში წარმოდგენილ დეპუტატებს, მათ შორის, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, საბერძნეთს, ესტონეთს.
რა ვქნათ, ვივარაუდოთ რომ ეს სახელმწიფოები მხარს არ უჭერენ უკრაინას? ეს არის წმინდა წყლის სიცრუე, ეს არის ნახევარ დღიანი ტყუილი, რომლითაც ცდილობენ ყურადღების მიპყრობას იმიტომ, რომ მათ სხვა არანაირი შინაარსი არ გააჩნიათ.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ აბსოლუტურად ყველა რეზოლუცია, რომელიც მიღებული აქვს საქართველოს უკრაინასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, მხარდაჭერილი აქვს ხელისუფლების წარმომადგენლებს. მათ შორის, არის რეზოლუციები, რომელზეც ოპოზიციის ხმები საერთოდ არ არსებობს“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
16-11-2024
16-11-2024