5-05-2023
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრის მთავარი თემა 30 მილიონიანი დახმარების პაკეტი იყო, რომელიც ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში დაამტკიცა. აღნიშნული დახმარების მიზანი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და იმ შესაძლებლობების განვითარებაა, რომლებიც ხელს შეუწყობს ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას.
შეხვედრაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ევროკავშირის ელჩს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, მორიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა დინამიკური და უსაფრთხოების განზომილება ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი კრიტიკული მიმართულებაა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირისთვის საქართველო რეგიონში უმნიშვნელოვანეს და სანდო პარტნიორს წარმოადგენს და რომ ორივე მხრიდან არსებობს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების ძლიერი ინტერესი, მათ შორის სხვადასხვა ჰიბრიდული საფრთხეებისადმი მედეგობის გაზრდის მიზნით. ევროკავშირი აგრძელებს აქტიურ ჩართულობას საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში, ქვეყნის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერით. თავის მხრივ, საქართველო მზადაა გააგრძელოს აქტიური ჩართულობა გლობალური უსაფრთხოების ხელშეწყობის პროცესში წვლილის შეტანის გზით.
16-11-2024
16-11-2024