10-05-2023
„თუ მისმა წინამორბედმა თავისი პრეზიდენტობის დროის უმეტესობა ცოლის ნათესავების ციხიდან გამოშვებას დაუთმო, ამან საკუთარი შვილების ევროკავშირსა და აშშ-ში სარფიან დასაქმებას მიუძღვნა და არაა გამორიცხული, საკუთარ მომავალ რომელიმე ევროთანამდებობაზეც მიიღო წინასწარი დაპირება“, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.
ქართველიშვილის თქმით, ამ საოჯახო იდილიის შენარჩუნებაში კი გარკვეული ფასია გადასახდელი, და ეს საფასური გადის ამ ქვეყნის ხელისუფლების, მისი ამომრჩევლის, ჩვენი სახელმწიფოსადმი მაქსიმალური ზიანის მიყენებაზე.
„ამ ქალბატონს 30 აპრილის აქციაზე ხალხის ხმამ საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია გაუუქმა. ფაქტობრივად, 2018 წელს მისთვის ორგზის მიცემული ხმების ვირტუალური ანულირება მოახდინა. ეს ორი ქალბატონი: დეგნანი და ზურაბიშვილი, სისტემატურად რომელი ქართველი ხალხის სახელით გველაპარაკებიან, ერთი ეს გამაგებინა. მეორე, ის გამაგებინა, რატომ შემოვიდა მოდაში ეს მანკიერება: ზომბირებულ მოსახლეობას ეზარება ქართული კანონპროექტის წაკითხვა, ხოლო ზომბირებულების პრეზიდენტს - ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია.
წაკითხული რომ ჰქონოდა, ეცოდინებოდა, რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება მოკლებულია ფუფუნებას მეზობელი სახელმწიფოს კანონშემოქმედებით საქმიანობაში ჩაერიოს: ურჩიოს, შეუქმნას ან გაუუქმოს ესა თუ ის ნორმატიული აქტი. თუმცა, საიდან ეცოდინებოდა, თუ კი საკუთარ ქვეყანაში, მოსახლეობის უმრავლესობით არჩეულ დეპუტატებს უხეშად ხელს უშლის ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული კანონპროექტების შემუშავებაში.
თავის საპრეზიდენტო ხუთწლედს ქალბატონი პრეზიდენტი ასრულებს ამ ქვეყნისადმი ღია მტრობის რეჟიმში და ეშმაკმა უწყის, დარჩენილ წელიწადნახევარში კიდევ რა პროგნოზირებად უსიამოვნო სიურპრიზებს შემოგვთავაზებს. არც ერთი (!) მხარდამჭერი ფრაზა, საქართველოს მიმართ ევროკომისიების უსამართლო გადაწყვეტილებებზე თუ სამარცხვინო ევრორეზოლუციებზე ჩვენ არ მოგვისმენია. არც ერთი (!) განცხადება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობაზე და საკუთარ როლზე ამ პროცესებში - ჩვენ მისგან არ გაგვიგია. თუ მისმა წინამორბედმა თავისი პრეზიდენტობის დროის უმეტესობა ცოლის ნათესავების ციხიდან გამოშვებას დაუთმო, ამან საკუთარი შვილების ევროკავშირსა და აშშ-ში სარფიან დასაქმებას მიუძღვნა და არაა გამორიცხული, საკუთარ მომავალ რომელიმე ევროთანამდებობაზეც მიიღო წინასწარი დაპირება.
ამ საოჯახო იდილიის შენარჩუნებაში კი გარკვეული ფასია გადასახდელი, და ეს საფასური გადის ამ ქვეყნის ხელისუფლების, მისი ამომრჩევლის, ჩვენი სახელმწიფოსადმი მაქსიმალური ზიანის მიყენებაზე. გარწმუნებთ, 2024 წლისთვის მას "დესერტად" შემონახული აქვს საკუთარი "დემბელსკი აკორდი", თუ რა თქმა უნდა დამკვეთებმა ამ უსიამოვნების ხორცშესხმა უკვე წელსვე არ დაავალეს. მაინც ქალბატონია, ვცდილობ აკადემიური ზრდილობის ფარგლებს არ გავცდე, მაგრამ მისი პირადი "ზრდილობა" უკვე ყველა ზღვარს აცდენილია. ამას ჩასაფრებულის პოზიციაც აღარ ჰქვია, ის ჩვენი ქვეყნის აწმყოსა და მომავლის ნგრევის პროცესების "ფლაგმანად" და ერთ-ერთ მედროშედ უკვე დაუფარავად ჩამოყალიბდა“, - წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.
16-11-2024
16-11-2024