15-05-2023
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით უწყებაში უკვე რამდენიმე ავიაკომპანიის, მათ შორის ქართული ავიაკომპანიის მიმართვაა შესული. ამ თემაზე ლევან დავითაშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა. მისი განცხადებით, დღეისათვის მოთხოვნა არის როგორც თბილისის, ისე ქუთაისის და ბათუმის მიმართულებებზე.
„გასული კვირის ბოლოს, რუსეთის მხრიდან ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებისთანავე უკვე მივიღეთ მომართვები ავიარეისების შესრულებასთან დაკავშირებით რამდენიმე ავიაკომპანიისგან, მათ შორის ქართული ავიაკომპანიისგან. ჩვენ საკმაოდ ინტენსიური მუშაობა გვქონდა სამინისტროს და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ექსპერტებთან ერთად იმისთვის, რომ შეგვესწავლა, თუ როგორი პრაქტიკა არსებობს რუსეთთან ფრენების კუთხით და დღეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომელიც საკმაოდ დეტალურად აღწერს ჩვენი გადაწყვეტილების პრინციპებს - ჩვენ ვეფუძნებით მსოფლიოში ყველაზე მკაცრ მიდგომას, რომელსაც ის ქვეყნები იყენებენ, ვისაც რუსეთთან აქვს ფრენები", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ლევან დავითაშვილის განმარტებით, ეს არის გადაწყვეტილება რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით, რაც ითვალისწინებს, რომ არც სანქცირებული ბორტები და არც სანქცირებული კომპანიები არ იქნებიან დაშვებულნი ამ ქვეყნის ბაზარზე და ასეთია საქართველოს გადაწყვეტილებაც. ვიცე-პრემიერის თქმით, ამ შემთხვევაში საქართველოს მხრიდან გამოირიცხება როგორც სანქცირებული კომპანიები, ასევე მფრინავი საშუალებების, ხომალდების საერთაშორისო მწარმოებელი კომპანიების სანქციები, როგორებიცაა - „ბოინგი", ეარბუსი". მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მთავარი ამოცანა სწორედ ფრენების, გადაადგილების უსაფრთხოებაა.
„ზოგადად ჩვენი გადაწყვეტილებები თანხვედრაში უნდა იყოს ICAO-ს მოთხოვნებთან და აქედან გამომდინარე, ბორტები, რომლებსაც წვდომა არ აქვთ ტექნიკურ ინფორმაციაზე, კვალიფიციურ შეკეთებასა და სერვისზე, მომსახურებაზე, მეინთენანსზე, რა თქმა უნდა, საქართველოს სივრცეში ვერ იფრენენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა იმ კომპანიას და იმ ბორტს, რომლებიც ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, საშუალებას მივცემთ, რომ განაახლონ ფრენები იმ მიმართულებებით, სადაც შესაძლებელი იქნება და საიდანაც მოთხოვნა იქნება. დღეისათვის მოთხოვნა არის როგორც თბილისის, ისე ქუთაისის და ბათუმის მიმართულებებზე, ანუ სამივე აეროპორტის მიმართულებით - როგორც ქართული ავიაკომპანიის, ისე რუსული ავიაკომპანიების მხრიდან", - აცხადებს ვიცე-პრემიერი.
ამასთან, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, დღის განმავლობაში დასრულდება დოკუმენტების შესწავლა და ხვალისთვის გადაწყვეტილება მიღებული იქნება. როგორც მინისტრი აღნიშნავს, შესწავლილ იქნა ყველა იმ ქვეყნის პრაქტიკა, რომლებსაც ფრენები აქვთ რუსეთთან - ბევრ ქვეყანას, საქართველოს მეზობელ ქვეყნებს ფრენები აქვთ ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, მათ შორის ნატოს წევრ და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს.
„მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ წავედით ყველაზე უფრო კონსერვატორული მიდგომით, სადაც მაქსიმალურად ვაზღვევთ უსაფრთხოების საკითხებს და ვზრუნავთ მგზავრთა უსაფრთხოებაზე, გადაზიდვებზე და ამიტომ ეს ორი კრიტერიუმი ძალიან მნიშვნელოვანია - ბორტები, რომლებიც ICAO-ს მოთხოვნების შესაბამის რეგულარულ ტექნიკურ შემოწმებას გადიან და კომპანიები, რომლებსაც პრობლემა არ აქვთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, მათ ექნებათ საქართველოს საავიაციო ბაზარზე დაშვების საშუალება", აღნიშნა მან.
რაც შეეხება საზოგადოებაში ამ საკითხთან დაკავშირებით არსებულ განწყობებს, ლევან დავითაშვილის თქმით, ისინი ცალსახა არ არის, აზრთა სხვადასხვაობაა. აქედან გამომდინარე, როგორც ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, კონკრეტული ჯგუფების ღელვა გასაგებია, თუმცა, მოსახლეობის დიდ ნაწილს შესაძლოა, პირიქით, საკმაოდ დიდ შეღავათს აძლევდეს რუსეთთან განახლებული პირდაპირი ფრენები. „ჩვენ გვესმის, რომ ამას საქართველოსთვის აქვს როგორც კომერციული, ისე სოციალური მნიშვნელობა, რადგან რუსეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველები ხშირად ვერ სარგებლობდნენ პირდაპირი ავიამიმოსვლით, არ ჰქონდათ წვდომა ოჯახებთან ორივე მხრიდან და ეს რა თქმა უნდა, მათ სოციალურ მდგომარეობას და პირობებს გააუმჯობესებს. ვფიქრობ, აქ ასეულობით ათასი ადამიანის და ოჯახის საჭიროებებზეა საუბარი", - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.
16-11-2024
16-11-2024