14-08-2018
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებული ლ.ს. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 21 ოქტომბერს, ღამის საათებში, ყაჩაღობისთვის არაერთგზის ნასამართლევი ლ.ს. ქ. თბილისში, ყაჩაღობის მიზნით თ.ი-სთან სახლში მივიდა, რა დროსაც დაზარალებულს სცემა, ყელზე დანა მიადო და სიცოცხლის მოსპობით მუქრით ფული და ოქროს ნივთები მოთხოვა. ვინაიდან დაზარალებულს ოქროს ნივთები და თანხა არ აღმოაჩნდა, ლ.ს. სახლის საცავიდან მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა თ.ი.-ს ,,SAMSUNG“-ის ფირმის მობილურ ტელეფონს, ,,HP” ფირმის ლეპტოპს და სხვა ნივთებს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლ.ს.-ს მიერ ჩადენილი ყაჩაღობის შედეგად თ.ი-ს მიადგა მორალური, ფიზიკური და 839 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
სამართალდამცველებმა ლ.ს. 2017 წლის 22 ოქტომბერს თბილისში იმ დროს დააკავეს, როდესაც ერთ-ერთ ლომბარდში თ.ი-ის სახლიდან დაუფლებულ ,,HP” ფირმის ლეპტოპს აბარებდა. მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული იქნა დაზარალებულის ნივთები. ლ.ს.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი არაერთგზის, საცავში უკანონო შეღწევით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
19-12-2024
18-12-2024