15-08-2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შოთა შალელაშვილის განცხადებით, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 26 წელი გავიდა და მიუხედავად დროის ხანგრძლივობისა, სამწუხაროდ ქართველებსა და აფხაზებს შორის საერთო ენის გამონახვა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. თუმცა, შალელაშვილი იმედოვნებს, რომ ქართველებისა და აფხაზების ძმობა ისევ აღდგება და ერთად გააგრძელებენ ცხოვრებას. ამისთვის კი, უპირველესად ყოვლისა, აუცილებელია დიდი ძალისხმევა მოლაპარაკება მხარეებთან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით.
„აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 26 წელი გავიდა. 1992 წლის 14 აგვისტოს სხვა სახელმწიფოს მიერ ინსპირირებული, პროვოკაციული დაძაბულობა ომში გადაიზარდა. 403-დღიან დაპირისპირებას ათი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირა, სამასი ათასამდე ადამიანი დევნილად იქცა.
სამწუხაროა, რომ ამდენი წლის განმავლობაში საერთო ენის გამონახვა ვერ მოხერხდა და მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, თუმცა ქართველების და აფხაზების ძმობამ, ურთიერთობამ და პატივისცემამ ბევრ გამოწვევას და დაბრკოლებას გაუძლო და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ისევ აღდგება, ამ ძირძველ მიწაზე აუცილებლად დაბრუნდებიან იძულებით გადაადგილებული პირები და აფხაზები და ქართველები ისევ ერთად გააგრძელებენ თანაცხოვრებას.
აფხაზეთი დღეს თავად აფხაზების გარეშეცაა დარჩენილი, ეს მდგომარეობა უნდა დასრულდეს რეალურ ვადებში, რისთვისაც აუცილებელია აფხაზებისთვის გონივრული წინადადებების შეთავაზება. ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, ყველა მხარესთან უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები, რათა აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, შევძლოთ ჩვენ თანამემამულეებთან აფხაზებთან და ოსებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების მყარი ნიადაგის შექმნა, მუდმივ რეჟიმში უნდა ვესაუბროთ და აუცილებლად მივაღწევთ შედეგს.
ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ იმისთვის, როგორ აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის. ნდობა აუცილებლად დაბრუნდება, ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს და ეს ის ისტორიული კანონზომიერებაა, რომლის შეცვლასაც უსასრულოდ ვერავითარი მესამე მხარე თუ მესამე ძალა ვერ შეძლებს“-განაცხადა შალელაშვილმა .
19-12-2024
18-12-2024